წინათქმა
იარაღის
კოლექციონირება ყველას თავისებურად შეიძლება ესმოდეს და ალბათ რამდენი იარაღის მოყვარულიც
არსებობს დედამიწის ზურგზე, იმდენნაირი კოლექციონერია. შესაბამისად ყველა თავისი ხუშტურებით,
ახირებებით და ინტერესის სფეროთი გამოირჩევა. ზოგი ანტიკურ დამბაჩებს და კაჟიან თოფებს
დასდევს, ზოგი რაცშეიძლება თანამედროვე ტაქტიკურ იარღს ანიჭებს უპირატსობას, ზოგი კონკრეტული
ქვეყნების, კონკრეტული სამხედრო კონფლიქტების თუ ომის WWI ან WWII დროს გამოყენებულ
იარაღს დაეძებს. ჩემი აზრით ეს ყველაფერი ცოცხალი და ბუნებრივი პროცესია. მეც არაერთხელ
მიფიქრია იმზაზე რომ სხვადასხვა ქვეყნების არმიის შეიარაღებაში არსებული კონკრეტული
ეპოქის იარაღი შემეგროვებინა. მართალია ასე მიზანმიმართულად არ მიმუშავია მაგ საკითხზე
და არც ფინანსური მდგომარეობა არ მიწყობს ხელს, მაგრამ აღმოვაჩინე რომ ქრონოლოგიურად
შემიგროვდა საბჭოთა საშტატო თვითდამტენი პისტოლეტები: ტოკარევის სისტემის პისტოლეტი
ТТ, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ПМ, სტეჩკინის ავტომატური პისტოლეტი АПС და მცირეგაბარიტიანი
თვითდამტენი პისტოლეტი ПСМ. ფაქტიურად საბჭოთა ეპოქის საშტატო თვითდამტენი პისტოლეტების
თითქმის სრული ასორტიმენტია. „თითქმის“ იმიტომ, რომ აკლია ერთი პატარა წარმომადგენელი
კაროვინის პისტოლეტი
TK. ნუ სპეციალურ პისტოლეტებს არ ვგულისხმობ მაგალითად
როგორიც არის ПСС ან ПБ და მათი მსგავსი ჩუმი იარაღები, რადგან ეგეთი კატეგორიის პისტოლეტები
სამოქალაქო ბრუნვაში აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. ამას გარდა ზემოაღნიშნული
პისტოლეტები მასიურად არც დამზადებულა და არ ყოფილა ძირითად შეიარაღებაში. მეც როგორც
იარაღის მოყვარული, ჩემებური ხუშტურებით გამოვირჩევი და რატომღაც სულ უფრო მეტი ინტერსი
მიჩნდება ცივი ომის ეპოქის, სოციალისტური ქვეყნების და განსაკუთრებით ჩეხოსლოვაკიური
იარაღის მიმართ. ჩეხოსლოვაკიაში უდაოდ საინტერესო, გამორჩეულ და თავისებურ იარაღებს
ქმნიდნენ, რომელშიც გარდა გერმანული საიარაღო სკოლის გავლენისა ასევე იყო რაღაც თავიანთი
უნიკალური გადაწყვეტილებები თუ მიდგომები.
პირადად
მე უკვე წლებია ვარ ჩეხოსლოვაკიური vz. 27 (CZ-27)-ის, vz. 58-ის და vz. 61 (Skorpion)-ის
მფლობელი. შესაბამისად სულ მეფიქრებოდა იმაზე რომ vz. 58-ს და vz.61-ს თემატურად გვერდს
დაუმშვენებდა და ასე ვთქვათ შეავსებდა ცივი ომის ეპოქის რომელიმე ჩეხოსლოვაკიური საშტატო
პისტოლეტი, მაგლითად საარმიო vz. 52 (CZ-52) ან ჩეხოსლოვაკიის არმიის შეიარაღებაში
მისი ჩამნაცვლებელი პისტოლეტი vz. 82 (CZ-82).
საარმიო
პისტოლეტი vz. 52 (CZ-52) და vz. 82 (CZ-82)-ის კომერციული/საექსპორტო ვარიანტი აღნიშვნით
CZ-83 პერიოდულად ხელმისაწვდომია ხოლმე საქართველოს სამოქალაქო იარაღის ბაზარზე. პირადად
მე შემიძლია ვთქვა რომ რამოდენიმეჯერ გავუშვი მათი რეალურ ფასში ყიდვის შანსი ხელიდან.
ქართულ ვებ სივრცეში არაერთხელ მინახავს განცხადება CZ-83-ის გასხვისების შესახებ,
თუმცა მათი ფასი ხშირ შემთხვევაში არარეალურად გაბერილი იყო და თან ჩემს მიერ ნანახი
CZ-83-ები ერთგვარ კომერციულ ვარიანტს წარმოადგენდა, მე კი როგორც ავთენტურობის და
ძველმანების მოყვარული უპირატესობას 80-ან წლებში სამთავრობო (სამხედრო) კონტრაქტის
ფარგლებში დამზადებულ vz. 82 (CZ-82)-ს ვანიჭებდი. განა იმიტომ რომ CZ-83-ს ჯობია რამეთი?
არა... მათ შორის ფაქტიურად არანაირი სხვაობა არ არის და როგორც გაჭრილი ვაშლი ისე
გვანან ერთმანეთს, უბრალოდ მე ხშირად მჩვევია ასეთი ახირებები, შესაბამისად ამ შემთხვევაშიც უფრო
მეტად ჩეხოსლავაკიის ეპოქაში დამზადებული პისტოლეტისკენ მიმიწევდა გული. ჩეხოლოვაკიაში
დამზადებული ადრეული ეპოქის CZ-83 არასოდეს მინახავს საქართველოში, ხოლო 1990-ანი წლების
მიწურულს უკვე ჩეხეთის რესპუბლიკაში დამზადებული რამდენიც გინდა.
ჯერ
კიდევ სტუდენტობის პერიოდში ჩემმა ჯგუფელმა და ახლო ადამიანმა ლ. ს****შვილმა შსს რიგებში
დაიწყო მუშაობა. ერთ დღეს სტუდენტობის მეგობრების მორიგი შეკრებისას ლ. ს****შვილმა
გვითხრა რომ იარაღი დაიტაბელა და მაისურის უკნიდან ამოიღო (გააძრო როგორც მაშინ ვიტყოდით)
ჩემთვის სახასიათო ვიზუალის მქონე პისტოლეტი. თავიდან იქ მყოფებს ყველას მაკაროვი ეგონა,
თუმცა ეგრევე ვიცანი რომ ეს პისტოლეტი CZ-83 იყო. ჩემი პირველი შეხვედრა ამ პისტოლეტთან
სწორედ მაშინ შედგა. იმ პერიოდში (მოქმედება ხდება 1998-1999 წლებში) საქართველოს ძალოვანი
უწყებებიის რიგებში ძირითადად გავრცელებული იყო საბჭოთაკავშირის დროს დამზადებული მაკაროვის
სისტემის პისტოლეტები (ПМ). საშტატო მაკაროვის ფონზე CZ-83 საკმაოდ წინ წასულ პისტოლეტს
წარმოადგენდა. სახელურის ერგონომია უკეთესი, ორმხრივად დუბლირებული მჭიდის მოსახსნელი
ღილაკ-ფიქსატორი, რომელიც სასხლეტის კავის უკან მდებარეობდა, ასევე ორივე მხარეს დუბლირებული
მცველის ბერკეტი, უკეთესი სასხლეტი, თეთრი წერტილებით მარკირებული შედარებით განიერი
სამიზნე მოწყობილობები და რაც მთავარია 12 ვაზნა მჭიდში! შეიძლება ითქვას რომ ეს პისტოლეტი
იმ პერიოდში საქართველოს მოცემულობისთვის ერთგვარ ბოლო სიტყვას ნიშნავდა იარაღის სამყაროში.
მახსოვს მაგ ეპოქაში იყვნენ ადამიანები რომლებიც მაკაროვის საშტატო 8 ცალ ვაზნიან მჭიდს
ზამბარას უმოკლებდნენ იმისთვის რომ მე9-ე ვაზნა ჩაეტიათ მჭიდში და საჭიროების შემთხვევაში
ჰქონოდათ ერთგვარი უპირატესობა მეტი ვაზნის სახით. ასეთი „ქირურგიული“ ჩარევა მაკაროვის
პისტოლეტის მჭიდში ხშირად პირიქით უკუშედეგს იძლეოდა ხოლმე და იარაღის არასათანადოდ
მუშაობის მიზეზი ხდებოდა. მაკაროვს რომ დავანებოთ თავი და ჩეზეს დავუბრუნდეთ, ზუსტად
სტუდენტობის დროს CZ-83-ის ნახვის მომენტიდან გამიჩნდა განსაკუთრებული გრძნობები ამ
პისტოლეტის მიმართ. ამასობაში დრო გადიოდა, ბევრი თანამედროვე და წინ წასული იარაღი
ჩნდებოდა ჩვენს ქვეყანაში, 2000-ან წლებში საქართველოში არსებულ მაღაზიების დახლებზე
აქტიურად იწყებს გამოჩენას HECKLER & KOCH, SIG SAUER, BERETTA, GLOCK და CZ-ს
თანამედროვე მოდელები, მაგრამ ის სტუდენტობის მოგონება CZ-83-ის სახით, პერიოდულად
მაინც მახსენებდა ხოლმე თავს. ალბათ ამ ყველაფერმა განაპირობა ისიც რომ ჩემს მოკრძალებულ
სიარაღო „ზოოპარკში“ (კოლექციას ვერ ვუწუდებ იმას რაც მაქვს) საპატიო ადგილი დაიკავა
ჩეხსოლოვაკიურმა vz. 82 (CZ-82)-მა, რომლის შესახებაც ამ სტატიაში ვისაუბრებ.
როგორ
მოხვდა იარაღი ჩემს საკუთრებაში?
თბილისში,
ადამ მიცკევიჩის ქუჩა #25ბ-ში მდებარე იარაღის მაღაზია „აპაჩი“ ჩემთვის ერთგვარ „ნავსაყუდელს“
წარმოადგენს. ხშირად მიწევს ამ მაღაზიასთან ჩავლა და თითქმის არასოდეს არ ვუშვებ ამ
შანსს ხელიდან რომ იქ შევიარო. შესვლის თანავე კარგ განწყობაზე ვდგები, ჩინებული ხალხი
მუშაობს რომლებთან ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა და თან იარაღებსაც შევავლებ ხოლმე თვალს.
ეს ორი მიზეზი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ხშირად ვესტუმრო მაღაზია აპაჩს. ერთ
მშვენიერ დღესაც სრუილად შემთხვევით შევიარე. კომპანიის მფლობელმა სულ ახალი ჩამოსული
პისტოლეტი FN FNX-45 TACTICAL მაჩვენა, რომელიც კოლიმატორული სამიზნე მოწყობილობით
იყო დაკომპლექტებული. შესანიშნავი პისტოლეტია თუმცა მე ძველმანების მოყვარული ვარ და
როგორც მჩვევია ტრადიციული შეკითხვა დავსვი:
-
რამე ძველმანი ხომ არ
მიგიღიათ?
-
CZ გვაქვს 1 ცალი... ზაზასთვის ჩამოვიდა.
-
ზაზასთვის თუ ჩამოვიდა საინტერესო პისტოლეტი იქნება... გავიფიქრე გულში. მაღაზიის თანამშრომელი
გავიდა გვერდით ოთახში და გამოიტანა პისტოლეტი რომ ჩემთვის ეჩვენებინა. ვუყურებ ჩეხოსლოვაკიის
პერიოდის ეგრეთწოდებული სამხედრო კონტრაკტის vz. 82 (CZ-82)-ია ჩემს წინ. ისევ ფიქრებში
წავედი, სტუდენტობა, ძველი მოგონებები, პირველი შეხვედრა CZ-83-თან და რაღაცნაირი სევდანარევი
რუხი ფერის წლები ამომიტივტივდა...
-
ვაააა სიამოვნებით ვიქონიებდი ამ ეგზემპლარს (ჩემთვის გავიფიქრე).
-
დაელაპარაკე ზაზას. სხვა იარაღებიც
უნდა ჩამოუვიდეს კოლექციისთვის და თუ გინდა დაგითმობს მაგას. მითხრა კომპანიის მფლობელმა.
ბევრს
არ გავაგრძელებ და იმავე საღამოს შედგა კომუნიკაცია ზაზასთან. ასე გადაწყდა რომ vz.
82 (CZ-82) ჩემ ”საიარაღო ზოოპარკში“ დაიდებდა ბინას. თან ეს ყველაფერი დღეევანდელი
მოცემულობისთვის ერთგვარ სიმბოლურ ფასში, ფაქტიურად მაკაროვის პისტოლეტის ღირებულებაში,
რისთვისაც უდიდესი მადლობა ზაზას.
ჩემი კუთვნილი საარმიო პისტოლეტი vz. 82 (CZ-82) (Armádní pistole vzor 82)
ახლა
კი გადავიდეთ საქმეზე და როგორც მჩვევია ჩემთვის ყველაზე საინტერესო ნაწილით, პისტოლეტის
შექმნის ისტორიით დავიწყოთ. აქვე ავღნიშნავ რომ მე დიდად არ მიზიდავს სტატიების წერა
მფლობელის თავლით. ჩემთვის უფრო მეტად იარაღის შექმნის ისტორული დეტალები, დამღები
და ტექნიკური ასპექტებია საინტერესო. ალბათ ეს სტატიაც მაგ „ოპერიდან“ იქნება.
პირველი პროტოტიპის
გამოჩენა
1975
წლის მიწურულს ჩეხოსლოვაკიაში, კონკრეტულად კი უჰერსკი ბროდში (Uherský Brod) მდებარე
ზუსტი მანქანამშენებლობის (ჩეხურად Přesné strojírenství) ქარხანამ მიიღო სამთავრობო
დაკვეთა. მთავრობისგან მიღებული დაკვეთის ფარგლებში უნდა შემუშავებულიყო ახალი ცეცხლსასროლი
პისტოლეტი. მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა პისტოლეტში გამოყენებული ვაზნების სპექტრი.
პისტოლეტი უნდა დამზადებულიყო ოთხ სხვადასხვა კალიბრის ვაზნაზე: 7,65mm Browning
(.32Auto), 9X17mm Browning Short (.380 Auto), 9x18mm Police და საბჭოთა
9x18mm Makarov (9х18мм ПМ). პისტოლეტის შექმნის
საჭიროება განპირობებული იყო 2 ძირითადი ფაქტორით:
იმ დროს სამართალდამცავი და გარკვეული ძალოვანი უწყებების შეიარაღებაში არსებული პისტოლეტები vz. 50 (CZ-50) და მისი გაუმჯობესებული ვარიანტი vz. 70 (CZ-70)
პირველ ფაქტორს წარმოადგენდა სხვადასხვა
სამართალდამცავი უწყებების შეიარაღებაში არსებული მორალურად თუ ტექნიკურად მოძველებული
vz. 50 (CZ-50) და vz. 70 (CZ-70) ტიპის პისტოლეტებისთვის ახალი ალტერნატივის შერჩევა.
მაგ დროს ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი ჩეხოსლოვაკიის სახალხო არმიის შეიარაღებაში
არსებული vz. 52 (CZ-52)-ის ჩანაცვლება, თუმცა ამ საკითხზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობდა;
საარმიო პისტოლეტი vzor 52 (CZ-52)
მეორე საკითხს წარმოადგენდა ქვეყნის
გარე ბაზარზე გასვლა კომერციული მიზნით, რომელსაც კურირებდა ჩეხოსლოვაკიის საგარეო
სავაჭრო საწარმო „Merkuria“ (ჩეხურად Podnik zahraničního obchodu Merkuria). ვინაიდან
ჩეხოსლოვაკიური იარაღის საწარმო CZ (Česká zbrojovka) ვეღარ უძლებდა გლობალურ კონკურენციას,
საჭირო იყო თანამედროვე სპორტული, სანადირო თუ თავდაცვითი ცეცხლსასროლი იარაღების შექმნა
და ქვეყნის გარეთ გატანა, რაც კომპანიისთვის და სახელმწიფოსთვის დამატებით შემოსავლის
წყარო გახდებოდა. სწორედ ამ მიზნით იყო განპირობებული პისტოლეტის შექმნა ოთხ განსხვავებულ ტიპის ვაზნაზე. ვაზნების ასეთი ასორტიმენტი იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა
ქვეყნებიდან წამოსული დაინტერესების შემთხვევაში, კომპანია CZ (Česká zbrojovka) საგარეო
სავაჭრო საწარმო „Merkuria“-ს შუამავლობით შესთავაზებდა მათ კონკრეტული კალიბრის ვაზნაზე
გათვლილ პისტოლეტის ვარიანტს. ფაქტიურად ახალი პისტოლეტი იქნებოდა ერთი უნიფიცირებული
სახის, მაგრამ მოთხოვნიდან გამომდინარე დამზადდებოდა დამკვეთისათვის შესაბამის ტიპის/კალიბრის
ვაზნაზე. აქვე აღსანიშნავია ერთი ისტორიული დეტალიც. ზუსტად ანალოგიური მიზნით, იგივე
პერიოდში ჩეხოსლოვაკიაში შეიქმნა ლეგენდარული პისტოლეტი CZ-75. ჩემი აზრით კომპანია
CZ (Česká zbrojovka)-ს გასული საუკუნის ისტორიაში პისტოლეტი CZ-75 იყო ყველაზე საუკეთესო
ქმნილება.
მაშ
ასე... 1977 წლის იანვარში ინიცირებულ იქნა პროექტი კოდური სახელწოდებით „KOSA“ (ქართულად
„ცელი“), რომლის ფარგლებშიც უნდა შექმნილიყო ახალი პისტოლეტი. პისტოლეტზე მუშაობა დაიწყო
კონსტრუქორმა აუგუსტინ ნეჩასმა (Augustin Nečas დაიბადა 1918 წელს, გარდაიცვალა
1989 წელს). აუგუსტინ ნეჩასისთვის ცეცხლსასროლი იარაღის შექმნა არ იყო ახალი გამოწვევა.
მის მიერ მანამდე შეიქმნა რევოლვერი სახელწოდებით ZKR 590 Grand, რომელიც სხვადასხვა
სიგრძის ლულებით და სხვადასხვა კალიბრის ვაზნაზე იწარმოებოდა კომპანია „Zbrojovka
Brno“-ს მიერ. ასევე აუგუსტინ ნეჩასი მუშაობდა
სპორტული თვითდამტენი პისტოლეტების პროტოტიპებზეც.

იქიდან
გამომდინარე რომ ახალ პისტოლეტში გამოყენებული ვაზნების მთლიანი სპექტრი (7,65x17mm
Browning, 9X17mm Browning Short, 9x18mm Police და 9x18mm Makarov) გამოირჩეოდა ნაკლები
იმპულსით, კონსტრუქტორმა არჩევანი გააკეთა თავისუაფალი საკეტის მოქმედების პრინციპზე,
სადაც ლულა უძრავად არის დამაგრებული პისტოლეტის ჩარჩოზე. ამას გარდა მან გაითვალისწინა
თანამედროვე ტენდენცია, რომელიც უკავშირდებოდა მაღალი ტევადობის მჭიდებს. აუგსუტინ
ნეჩასი ხვდებოდა რომ დაბალი ტევადობის მქონე ერთრიგიანი (Single-stack) მჭიდები ვერ
იქნებოდა კომერციულად გამართლებული, რადგან
მაღალი ტევადობის მჭიდები სულ უფრო მეტად მოთხოვნადი ხდებოდა როგორც სხვადასხვა
ქვეყნების ძალოვან უწყებებში, ასევე სამოქალაქო იარაღის ბაზარზე. ამიტომ უგისტინ ნეჩასმა
პისტოლეტის კონსტრუირებისას აქცენტი გააკეთა ორრიგიანი (Double-stack) მჭიდის გამოყენებაზე.
თავდაპირველად მან დააპროექტა 7,65x17mm Browning (.32Auto) ტიპის ვაზნაზე გათვლილი
პისტოლეტი, რომლის გაბარიტები, დეტალების გეომეტრია და სიმყარის მარაგი საკმარისი იქნებოდა
9X17mm Browning Short (.380 Auto), 9x18mm Police და 9x18mm Makarov ტიპის ვაზნაზე
გათვლილი პისტოლეტებისთვისაც. ამ ტექნიკური სვლით იგი მარტივად შეძლებდა ვარირერებას
კალიბრებს შორის. თუ პისტოლეტი წავიდოდა სერიულ წარმოებაში, მოხდებოდა მხოლოდ საკეტის
სარკის, მჭიდის და ლულის ნამზადში სავაზნის/ლულის არხის გაბურღულობის შესრულება შესაბამის
კალიბრზე. დანარჩენი დეტალები ფაქტიურად იქნებოდა უნიფიცირებული ყველა მოთხოვნილი კალიბრის
(7,65mm Browning, 9X17mm Browning Short, 9x18mm Police და 9x18mm Makarov) პისტოლეტისთვის.
საწყის ეტაპზე პისტოლეტს მიენიჭა შიდა სამუშაო სახელწოდება 033, შემდგომში კი აღნიშვნა
ČZ 033.

პირველი პროტოტიპი აღნიშვნით ČZ 033
აუგუსტინ
ნეჩასი პისტოლეტის კონტროლის ორგანოების შემუშავებისას ცდილობდა გამოეყენებინა იმ დროისთვის
ინოვაციურ მიდგომები. მან შექმნა მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი
რომელიც დუბლირებული იყო ორივე მხარეს. ანუ მჭიდის მოხსნა შესაძლებელი იყო ღილაკზე
თითის დაწოლით როგორც მარცხენა ასევე მარჯვენა მხრიდან. მოგვიანებით აღნიშნულ დეტალზე
აუგუსტინ ნეჩასის სახელზე გაცემულ იქნა საავტორო პატენტი № 228 323. კონსტრუქტორმა
იგივე მიდგომა გამოიყენა მცველის მიმართ. მცველიც ასევე დუბლირებული იყო ორივე მხარეს
(მცველის პატენტი № 228 324 ასევე აუგუსტინ ნეჩასის სახელზე იქნა გაცემული). ამგვარი
მიდგომით პისტოლეტის კონტროლის ორგანოებზე ოპერირებას ერთნაირად შეძლებდა როგორც მემარჯვენა,
ასევე მემარცხენა (ცაცია) მსროლელი. მხოლოდ საკეტის შემაკავებელი ბერკეტი იყო ცალმხრივი,
რომლიც ტრადიციულად პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს განთავსდა.
პისტოლეტში
გამოყენებული იყო ორმაგი მოქმედების (SA/DA) დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, რომელსაც
ჰქონდა ღია ჩახმახი. მსროლელს შეეძლო გასროლის განხორციელება როგორც დაშვებული ჩახმახიდან
თვითშეყენებით ე.წ. ორმაგი მოქმედებით (DA), ასევე წინასწარ შეყენებული ჩახმახით (SA).
დამრტყმელ-სასხლეტი მექნიზმის კონსტრუქციაში ჩადებული იყო ავტომატური მცველი. უფრო
კონკრეტულად კი ავტომატური მცველი იყო შემდეგი სახის: ჩახმახის წინ ჩამაგრებულია მოძრავი
ფირფიტა, რომელიც არ აძლევს ჩახმს იმის შესაძლებლობას რომ მიწვდეს საცემი ნემსას კუდს.
როდესაც მსროლელი ბოლომდე მოქაჩავს სასხლეტს, აღნიშნული ფირფიტა ჩაიწევა ქვემოთ და
მისცემს ჩახმახს შესაძლებლობას დაარტყას საცემი ნემსას კუდს (აღნუნულ კონსტრუქციაზე
გაცემულ იქნა საავტორო პატენტი № 229 294). ასეთი დაცვის სისტემა იძლევა საშუალებას
უსაფრთხოდ ატარო პისტოლეტი ლულის სავაზნეში მიწოდებული ვაზნით და დაშვებული ჩახმახით.
დავარდნის შემთხვევაში თუ პისტოლეტი დაეცა ჩახმახით, ზემოაღნიშნული ფირფიტა უზრუნველყოფს
იმას, რომ ჩახმახი ვერ მიწვდება საცემ ნემსას, რაც გამორიცხავს არასანქცირებულ/თვითნებურ
გასროლას.
პისტოლეტის
შექმნაში აუგუსტინ ნეჩასთან ერთად მონაწილეობას იღებდა ასევე საკონსტრუქტორო ცეხის
თანამშრომელი სტანისლავ სტრიჟიკი (Stanislav Střižík). იგი მუშაობდა პისტოლეტის მჭიდზე,
რომელიც იყო ორრიგიანი ვაზნების ჭადრაკული განლაგებით, მაგრამ ვაზნების გამოსასვლელ
ყელთან ხდებოდა ვაზნების გადაწყობა ერთ რიგად. აღნუშნულ მჭიდზე სტანისლავ სტრიჟიკის
და აუგუსტინ ნეჩასის სახელზე გაცემულ იქნა საავტორო პატენტი № 231,313).
პისტოლეტის
დაშლა ხდებოდა სასხლეტის დამცავი კავის დაბლა დაწევით იმდაგვარად, როგორც Walther
PP-ს, PPK-ს და მაკაროვის სისტემის პისტოლეტში (ПМ). სასხლეტის დამცავი კავის ზედა
შევერილი ამავდროულად წარმოადგენდა საკეტის ბუფერს. სროლის დროს უკან გადაადგილებული
საკეტის ცვხირის შიდა ნაწიბური სწორედ ამ შვერილს ეჯახება და ზღუდავს მის მოძრაობას
უკიდურეს პოზიციაში. პისტოლეტის კონსტრუირებაში კიდევ ერთ პიროვნებას მიუძღვის წვლილი.
ეს გახლავთ იარაღის შემუშავების განყოფილების იმდროინდელი ხელმძღვანელი კარელ სტრუჰალი
(Karel Strouhal). მის სახელზე გაიცა საავტორო პატენტი № 231,803, რომელიც ეხება პისტოლეტის
დაშლას. თუ იარაღის სახელურში მორგებულია მჭიდი, იგი ზღუდავს სასხლეტის დამცავი კავის
დაბლა დაწევას. ასევე პირიქით, თუ სასხლეტის დამცავი კავი დაწული დაბლა, ვერ მოხდება
მჭიდის მორგება პისტოლეტზე. ამგვარი დაცვის მექანიზმით გამორიცხულია რომ სროლის დროს
შემთხვევით ჩამოიწიოს სასხლეტის დამცავი კავი დაბლა.
თავდაცვის
სამინისტროს მოთხოვნა
1977
წლის ივლისში ჩეხოსლოვაკიის თავდაცვის სამინისტრო FMNO (Federální ministerstvo
národní obrany) აქტიურად დაინტერესდა მიმდინარე პროექტით, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა
კოდური სახელწოდება „KOSA“ (ცელი). თავდაცვის სამინისტრო ითხოვდა რომ შექმნილიყო 9x18მმ-ან
მაკაროვის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტი, რომელიც ჩაანაცვლებდა შეიარაღებაში არსებულ
მოძველებულ საარმიო პისტოლეტს vz. 52 (CZ-52).
vz.
52 (CZ-52) იყენებდა საკმაოდ რთულ ჩაკეტვის მექანიზმს, ჰქონდა ერთრიგიანი მჭიდი და
გათვლილი იყო საბჭოთა 7,62მმ-ან ტოკარევის სისტემის პისტოლეტის ვაზნაზე (7,62x25mm
TT). იმ პერიოდში ჩეხოსლოვაკია წარმოადგენდა ვარშავის ხელშეკრულების წევრ ქვეყანას,
შესაბამისად მოთხოვნაც იმის შესახებ რომ საარმიო პისტოლეტი გათვლილი ყოფილიყო საბჭოთა
9x18მმ მაკაროვის ვაზნაზე, სწორედ ვარშავის ხელშეკრულებიდან მომდინარეობდა. შეიძლება
ითქვას, რომ საბჭოთა კავშირი ვარშავის შეთანხმების ფარგლებში ერთგვარ წნეხს უქმნიდა
შეთანხმებაში შემავალ ქვეყნებს, რომ შეიარაღებაში ჰქონოდათ მაკაროვის პისტოლეტი (ПМ),
ან შეექმნათ საკუთარი იარაღი აუცილებლად 9x18მმ-ან მაკაროვის პისტოლეტის ვაზნაზე. სწორედ
ამის გამო ბულგარეთმა შეიარაღებაში მიიღო მაკაროვი და საკუთარ ფაბრიკაში დაიწყო მაკაროვის
პისტოლეტების, ასევე მისთვის განკუთვნილი ვაზნების წარმოება. იგივე პრინციპით მაკაროვის
და მისი ვაზნების წარმოება დაიწყო გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ხოლო პოლონეთში
და უნგრეთში შექმნეს საკუთარი პისტოლეტები 9x18მმ-ან მაკაროვის ვაზნაზე და სწორედ ეს
პისტოლეტები მიიღეს შეიარაღებაში.
ამრიგად
ჩეხოსლოვაკიის თავდაცვის სამინისტრომ გამოიჩინა პრაგმატული მიდგომა და იმის ნაცვლად
რომ მოეთხოვა ახალი პისტოლეტის შემუშავება ნულიდან, თავისი საჭიროებები მიაბა ზუსტ
მანქანამშენებლობის ქარხანაში კომერციული მიზნით დაწყებულ პროექტს (KOSA).
თავდაცვის
სამინისტროს მოთხოვნა ახალ საარმიო პისტოლეტზე შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
- იარაღის მართვა შესაძლებელი უნდა იყოს როგორც მემარჯვენე,
ასევე მემარცხენე მსროლელებისთვის;
- იმისათვის რომ მსროლელმა ზამთრის პერიოდში შეძლოს ხელთათმანის
გამოყენება, სასხლეტის დამცავი კავი უნდა იყოს ფართე;
- პისტოლეტი გათვლილი უნდა იყოს 9x18mm Makarov-ის ტიპის
ვაზნაზე;
- მჭიდის ტევადობა არანაკლებ 12 ცალი ვაზნისა;
- მინიმალური რესურსი დეტალების დაზიანების გარეშე
5000 გასროლა;
- პისტოლეტს უნდა ჰქონდეს ზონარის (თასმის) სამაგრი;
- პისტოლეტი უნდა დაკომპლექტდეს ზონარით (თასმით), საწმენდი
ღეროთი (ზუმბა) და უნიფიცირებული შალითით (კაბურით), რომლის გამოყენებაც მოსახერხებელი
იქნება როგორც მემარჯვენე, ასევე
მემარცხენე მსროლელებისთვის.
ფაქტიურად
აუგუსტინ ნეჩასის მიერ შექმნილი პროტოტიპი სამუშაო სახელწოდებით ČZ 033 მცირედი ცვლილებების
შემდეგ სრულად დააკმაყოფილებდა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს.
გადამუშავებული ČZ 033 გათვლილი 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე. აღნიშნული პისტოლეტი თითქმის სრულად იყო საარმიო პისტოლეტის იდენტური. მთავარ სხვაობას წარმოადგენდა მასში გამოყენებულ ვაზნა (თავდაცვის სამინისტრო ითხოვდა 9x18mm Makarov ტიპის ვაზნაზე). ასევე ამ პისტოლეტს სახელურის ბოლოში არ ჰქონდა თასმის (ზონარის) სამაგრი
გადამუშავებული
პროტოტიპი „KOSA-P”
1980
წლის ივლისში ჩეხოსლოვაკიის თავდაცვის სამინისტროსა და ზუსტი მანქანამშენებლობის მიმართულების
ხელმძღვანელს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად არმიისთვის შემუშავდებოდა
მაკაროვის 9x18მმ-ან ვაზნაზე გათვლილი საარმიო პისტოლეტი. საარმიო პისტოლეტის პროექტს
მიენიჭა კოდური სახელწოდება „KOSA-P” (P ნიშნავდა Pistol-ს)
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე მოხდა პისტოლეტის გადამუშავება იმდაგვარად, რომ დაკმაყოფილებულიყო თავდაცვის
სამინისტროს მთავარი მოთხოვნები. პისტოლეტის სახელურს ქვემოდან გაუკეთეს ზონარის (თასმის)
სამაგრი, გადამუშავდა სასხლეტის დამცავი კავის გეომეტრია, გადამუშავდა მცველი, რომლიც
გააქტურების დროს ახდენდა სასხლეტის და საკეტის ბლოკირებას.

საბოლოო სახის პისტოლეტი ასე გამოიყურებოდა
1980
წლის 17 ივლისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა მაკაროვის პისტოლეტისთვის განკუთვნილ
საშტატო 9x18მმ-ან ვაზნაზე გათვლილი 2 ცალი პროტოტიპის ქარხნული გამოცდა. ამავე პერიოდში
პროექტში ჩაერთო ჩეხოსლოვაკიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტრო Federálního ministerstva vnitra (FMV), რომელიც
ითხოვდა რომ პისტოლეტის მცველს ჰქონოდა ჩახმახის უსაფრთხოდ დაშვების ფუნქცია (ანუ ყოფილიყო
ე.წ. დეკოკერი), მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა კიდევ უფრო გაართულებდა იარაღის კონსტრუქციას.
ამას გარდა თავდაცვის სამინისტროს არ ესაჭიროებოდა დეკოკერის ფუნქცია და უნდოდა მცველს
ემუშავა პრინციპით „შეყენებული და ჩაკეტილი“ „Cocked and locked“. მცველის გააქტიურება
ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩახმახი იქნებოდა შეყენებულ მდგომარეობაში და ამავდროულად
გააქტიურებული მცველი ახდენდა საკეტის ბლოკირებას. საბოლოოდ შინაგან საქმეთა სამინსტროს
მოთხოვნა უარყოფილ იქნა და მცველი დარჩა „Cocked and locked“ პრინციპით. აღსანიშნავია
რომ აგუსტინ ნეჩასის პირველი პროტოტიპი ČZ 033 თავდაპირველად აღჭურვილი იყო ისეთი მცველით,
რომელიც ითავსებდა დეკოკერის ფუნქციასაც. მცველის ბერკეტის დაბლა დაწევის შემთხვევაში
მოხდებოდა შეყენებული ჩახმახის უაფრთხო დაშვება, ხოლო მაღლა აწევის შემთხვევაში მცველის
გააქტიურება (ჩახმახი რჩებოდა შეყენებული, მაგრამ ჩაკეტილი). ასეთი სქემა მეტად ართულებდა
კონსტრუქციას და ამავდროულად მექანიზმი ვერ მუშაობდა საიმედოდ, ამიტომ საარმიო პროტოტიპში
მცველი გადამუშავდა და გახდა უბრალოდ „Cocked and locked“ ტიპის.
9x18mm
Makarov ვაზნის ჩეხოსლოვაკიური ვარიანტი
მიუხედავად
იმისა, რომ პისტოლეტი გათვლილი უნდა ყოფილიყო საბჭოთა მაკაროვის სისტემის პისტოლეტის
ვაზნაზე 9х18mm Makarov, ჩეხოსლოვაკიაში წავიდნენ დამოუკიდებელი გზით და გადაწყვიტეს
შეექმნათ საბჭოთა ვაზნის საკუთარი ანალოგი, რომელიც შეძლებდა მეტი ენერგიის გამომუშავებას.
ამ მომენტისთვის ჩეხოსლოვაკია არ აწარმოებდა 9х18mm Makarov ტიპის ვაზნებს. შესაბამისად
გარდა ახალი პისტოლეტის საწარმოო ხაზისა, მათ მოუწევდათ ვაზნების საწარმოო ხაზის შექმნა
და გამართვა. აქედან გამომდინარე ვაზნა უნდა ყოფილიყო წარმოების მხრივ ტექნოლოგიური
და ნაკლებ დანახარჯიანი. დავალება ვაზნის შემუშავებაზე
გადაეცა ვლაშიმში მდებარე ქარხანას „Blanické strojírná“ (ამჟამად ეს გახლავთ ცნობილი
ვაზნების მწარმოებელი კომპანია Sellier & Bellot) სადაც დაწყებულ იქნა სამუშაოები
კოდური სახელწოდებით „KOSA-N“ (ასო N აღნიშნავდა
Náboj-ს. ჩეხურად ნიშნავს ვაზნას). საბჭოთა საშტატო მაკაროვის ვაზნა 9х18мм ПМ იყენებდა
6,1 გრამიან ტყვიას, რომელსაც ჰქონდა ბიმეტალის გარსი, ხოლო გულა შედგებოდა ტყვიის
შენადნობისგან და ფოლადის სოკოსებური ფორმის პენეტრატორისგან. საცდელი სამუშაოების
შედეგად ჩეხოსლოვაკიაში შეიქმნა მაკაროვის ვაზნის ანალოგი, რომელსაც საბჭოთა ვაზნისგან
განსხვავებით ჰქონდა 20%-ით ძლიერი დენთის მუხტი, ხოლო ტყვია იყო შემსუბუქებული და
იწონიდა 4,5 გრამს (ნაცვლად 6,1 გრამისა). ამას გარდა მთავარ სხვაობას წარმოადგენდა
ერთკომპონენტიანი ტყვია, რომელიც მზადდებოდა ფოლადის ფხვნილისგან. უფრო კოონკრეტულად
ტყვიის დამზადების პროცესი იყო შემდეგი სახის: იღებდნენ მეტალის ფხვნილს (ნაქლიბს),
რომელიც მაღალი წნევის და ტემპარეტაურუს ქვეშ
ცხვებოდა სპეციალურ ყალიბებში და იღებდა ტყვიის ფორმას. შემდეგ ტყვია იფარებოდა სპეციალური
ლაქით. აღნიშნული ლაქის დაფარვა იცავდა ტყვიას ნესტისგან და კოროზიისგან. ციფრებს თუ
შევხედავთ ჩეხოსლოვაკიური ვაზნა საბჭოთა ვაზნასთან შედარებით გამოვიდა უფრო ძლიერი.
მისი 4,5 გრამიანი ტყვია ლულიდან გამოსვლისას ავითარებდა საშუალოდ 400მ/წამს, ხოლო
ენერგია შეადგენდა 360 ჯოულს. შედარებისთვის საბჭოთა მაკაროვის პისტოლეტის საშტატო
ვაზნის 6,1 გრამიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე საშუალოდ 310-315მ/წამს შეადგენდა, ხოლო
ენერგია 295-303 ჯოულს.
მიუხედავად
ვაზნის კარგი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემიბისა წარმოიქმნა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი.
ლულა რომელსაც ჰქონდა ტრადიციული ხრახნი, ძალიან მალე იცვითებოდა ფხვნილისგან გამომცხვარი
ტყვიის ზემოქმედებით. ფაქტიურად ლულის რესურსი მცირდებოდა 40-50%-ით.
1981
წლის ივნისში ჩატარდა გაფართოვებული გამოცდები, რომელის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა
როგორც ტრადიციული ჭრილის მქონე ლულები, ასევე პოლიგონალური პროფილის ლულები ქრომის
საფარით. გამოცდების შედეგად გამოვლინდა რომ ქრომით დაფარული პოლიგონალური პროფილის
ლულა მარტივად ინელებდა ფოლადის და რკინის ფხვნილისგან დამზადებულ ტყვიებს. ამიტომ საარმიო პისტოლეტში
სწორედ პოლიგონალურ ლულას გამოიყენებდნენ. ფხვნილისებური რკინისგან დამზადებული ტყვია
ნაკლებად რიკოშეტირებდა, რადგან ზედმეტად მყარ საგანზე მოხვედრისას ხდებოდა მისი ფრაგმენტირება
და დაშლა. იუთუბზე ერთერთი ბლოგერი ვიდეოში საუბრობდა იმაზე რომ მას ხელში ჩაუვარდა
ჩეხოსლოვაკიური წარმოების სამხედრო პისტოლეტის ვაზნები 9x18mm რომელსაც ისროდა მაკაროვის პისტოლეტიდან.
მისი თქმით ტყვია მეტალის ზედაპირზე მოხვედრისას როგორც ბენგალური ცეცხლი ისეთ ნაპერწკლებს
ყრიდა.
საბოლოო
გამოცდები და პისტოლეტის შეიარაღებაში მიღება
შემდგომ
ეტაპს წარმოადგენდა პისტოლეტების მცირე სერიის დამზადება და საფუძვლიანი გამოცდა. სულ
გამოცდებისთვის დამზადდა 16 ცალი პისტოლეტი, რომლიდანაც გამოცდებისთვის 11 ცალი პისტოლეტი
გადაეცა თავდაცვის სამინისტროს (FMNO), ხოლო 5 ცალი პისტოლეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს
(FMV). ამას გარდა 1982 წლის აპრილში ქარხანაში გამოცადეს პისტოლეტი, რომლიდანაც წარმატებით
განახორციელეს 5000 გასროლა. 1982 წლის მაისში ხუთმა საცდელმა პისტოლეტმა წარმატებით
გაიარა სამხედრო გამოცდები, რომელიც გულისხმობდა პისტოლეტების გამოცდას სხვადასხვა
კლიმატურ და გართულებულ-დაბინძურებულ პირობებში.

ჩეხოსლოვაკიურ პისტოლეტთან ერთად გამოცდას
დაექვემდებარა საბჭოთა კავშირში დამზადებული 9x18მმ-ან ვაზნაზე გათვლილი მაკაროვის
საშტატო პისტოლეტი ПМ (Пистолет Макарова), ასევე 9x18მმ-ან მაკაროვის ვაზნაზე გათვლილი
პოლონური წარმოების პისტოლეტი Р-64 და უნგრული წარმოების პისტოლეტი РА-63.
პოლონური პისტოლეტი P-64
გამოცდების
შედეგად მოგროვებული მონაცემების შეჯამებით და გაანალიზებით წამოიწია წინადადება რომ
ჩეხოსლოვაკიური პისტოლეტი მიეღოთ შეიარაღებაში, გამართულიყო საწარმოო ხაზი და დაწყებულიყო
მისი ფართომასშტაბიანი სერიული წარმოება. აღნიშნული წინადადება დაგვირგვინდა 1983 წლის
14 თებერვალს, როდესაც პისტოლეტი და მისთვის განკუთვნილი 9x18მმ-ანი ვაზნა ოფიციალურად
მიღებულ იქნა შეიარაღებაში.
პისტოლეტს შეიარაღებაში მიღებისას მიენიჭა აღნიშვნა „Armádní
pistole vzor 82“ (ითარგმნება როგორც „საარმიო პისტოლეტი მოდელი 82“. შემოკლებით vz.
82), ხოლო ვაზნას მიენიჭა აღნიშვნა „9 mm pistolový náboj vz. 82“ (ითარგმნება როგორც
„9მმ-ანი პისტოლეტის ვაზნა მოდელი 82“. შემოკლებით 9-Pi-82 იგივე 9-82).
თავდაცვის
მინისტრთან გაგზავნილ ანგარიშში ეწერა რომ თავდაპირველად უნდა განხორციელებულიყო
167 000 ცალი პისტოლეტის შეკვეთა, მაგრამ გენერალური შტაბის მიერ ოპტიმალურ რაოდენობათ
დასახელდა 180 000 ცალი, რაც იმით აიხსნებოდა რომ სამხედრო სასწვალბლების კურსანტები,
რომლებიც მიაღწევდნენ ოფიცრის წოდებას, პირადი იარაღის სახით გადაეცემოდათ პისტოლეტი
vz. 82. ასევე გარკვეული რაოდენობა წავიდოდა სამოქალაქო თავდაცვაში.
ახალი
პისტოლეტი vz. 82 უნდა გამხდარიყო როგორც პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეების, ასევე
სამართალდამცავი უწყებების ძირითადი იარაღი. იგი გადაეცემოდა სხვადასხვა სამხედრო ოპერატორებს
და საბრძოლო მანქანების ეკიპაჟის წევრებს. ჩეხოსლოვაკიის სახალხო არმიის ČSLA (Československá
lidová armáda) სრული გადაიარაღება ახალი პისტოლეტით, უნდა დასრულებულიყო 1992 წლის
მიწურულს. ამავდროულად შეიარაღებაში დარჩებოდა მოძველებული საარმიო პისტოლეტები vz.
52, რომელიც რესურსის გახარჯვამდე იმსახურებდა არმიის რიგებში, ხოლო დაზიანების შემთხვევაში
თუ შესაძლებელი იქნებოდა შეაკეთებდნენ ჩამოიწერილი პისტოლეტებიდან მოხსნილი და გამოყენებისთვის
ვარგისი დეტალებით. გარდა არმიისა პისტოლეტი წავიდოდა ჩეხოსლოვაკიის შინაგან საქმეთა
ფედერალური სამინისტროს FMV (Federálního ministerstva vnitra) შეიარაღებაში. გეგმაში
იყო პისტოლეტების წარმოება კომერციული მიზნითაც, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში გავიდოდა
ექსპორტზე.

ამრიგად
1983 წელს წარმოებაში ჩაეშვა 9x18მმ-ან ვაზნაზე გათვლილი საარმიო პისტოლეტი Armádní
pistole vzor 82 (vz. 82), რომელიც იყენებდა პოლიგონალურ ლულას. აღსანიშნავია რომ ჩეხოსლოვაკიურ
პისტოლეტში vz. 82 (CZ-82) გამოყენებული პოლიგონალური ლულის არხი განსხვავდება თანამედროვე
პოლიგონალური ლულებისგან.
მაგალითად რომ შევადაროთ Glock-ის პისტოლეტებში გამოყენებულ
პოლიგონალურ ლულებს, vz. 82-ის ლულის არხი არის ქრომირებული სარკესავით პრიალა და თითქმის
გლუვი ზედაპირით. მხოლოდ ლულის გარკვეული კუთხით დაჭერის შემთხვევაში შეძლებთ აღმოჩინოთ
რომ მასში შესრულებულია ერთგვარი მსუბუქად გამოყვანილი პოლიგონალური პროფილი.
Armádní
pistole vzor 82 (vz. 82) სერიულად იწარმოებოდა 1983 წლიდან 1992 წლის ჩათვლით. იგი წარმოების პროცესში გადიოდა გარკვეულ ტექნოლოგიურ
ცვლილებებს, მაგრამ არ მომხადარა პისტოლეტის შიდა დეტალების რაიმე ძირეული გადამუშავება.
სულ 1983 წლიდან 1992 წლის ჩათვლით დამზადებული vz. 82 (CZ-82)-ის საერთო რაოდენობამ
შეადგინა 189 772 ცალი.
ჩეხოსლოვაკიაში დამზადებული ადრეული საექსპორტო პისტოლეტი Model 83 (CZ-83)
რაც
შეეხება პისტოლეტებს აღნიშვნით CZ-83, მისი წარმოება თავდაპირველად მცირე პარტიებად
კომერციული/საექსპორტო მიზნით დაწყებულ იქნა ასევე 1983 წელს vz. 82 (CZ-82)-ის პარალელურად,
ხოლო 1992 წელს vz. 82 (CZ-82) და CZ-83 გაერთიანდა ერთ საწარმოო ხაზში და პისტოლეტის
წარმოება გაგრძელდა მხოლოდ აღნიშვნით CZ-83. CZ-83 იწარმოებოდა 1983 წლიდან 1994 წლის
ჩათვლით. 1994 წელს წარმოება შეჩერდა და მორჩენილი დეტალებით მცირე პარტიების სახით
აწყობდნენ 1999 წლამდე. 1999 წელს წარმოება განახლდა და გაგრძელდა 2012 წლამდე. სამხედრო
(სამთავრობო) კონტრაქტის vz. 82 (CZ-82) მზადებოდა მხოლოდ 9x18mm Makarov ტიპის ვაზნაზე,
ხოლო რაც შეეხება მის კომერციულ/საექსპორტო ვარიანტ CZ-83-ს, თავდაპირველად მზადდებოდა
მხოლოდ 2 ტიპის ვაზნაზე: 1. 7,65x17mm Browning (.32 Auto). მჭიდის ტევადობა შეადგენდა
15 ცალ ვაზნას. მისი ლულის არხი მზადდებოდა მხოლოდ ტრადიცული ხრახნებით. 2. 9X17mm
Browning Short (.380 Auto) მჭიდის ტევადობა შეადგენდა 12 ცალ ვაზნას (9x18mm
Makarov ტიპის ვაზნაზე გათვლილი vz .82-ისთვის განკუთვნილი მჭიდის გამოყენების შემთხვევაში
ჩადიოდა 13 ცალი 9x17mm Browning ტიპის ვაზნა). 9X17mm Browning Short (.380 Auto)
ტიპის ვაზნაზე გათვლილი CZ-83-ის ლულის არხიც მზადდებოდა მხოლოდ ტრადიცული ხრახნებით.
მას შემდეგ რაც 1992 წელს შეწყდა vz. 82 (CZ-82)-ის წარმოება, იგი კომპანია Česká
zbrojovka-ამ ჩაანაცვლა 9x18mm Makarov ტიპის ვაზნაზე გათვლილი CZ-83-ით. ეს პისტოლეტებიც
საარმიო კონტრაკტის ფარგლებში დამზადებული vz. 82 (CZ-82)-ის მსგავსად პოლიგონალური
ლულით იწარმოებოდა. აღსანიშნავია რომ ყველა vz. 82 (CZ-82)-ს სახელურის ქვემოთ აქვს
ზონარის (თასმის) სამაგრი, რომელიც თითქმის არ გვხვდება კომერციული/საექსპორტო მიზნით
დამზადებულ 7,65mm Browning და 9x17mm Browning Short ტიპის ვაზნაზე გათვლილ CZ-83-ზე.
ასეთი სამაგრი CZ-83-ებში მასიურად მხოლოდ 9x18mm Makarov ტიპის ვაზნაზე გათვლილ ვარიანტებს
აქვთ.

ჩეხეთში დამზადებული საექსპორტო პისტოლეტი CZ-83 გადამუშავებული სასხლეტის დამცავი კავით
მოგვიანებით (უკვე ჩეხეთის რესპუბლიკაში) დამზადებულ CZ-83-ებზე გამოჩნდა შეცვლილი ფორმის სასხლეტის დამცავი
კავი (Trigger guard), რომელსაც წინა ნაწილი ჰქონდა სწორკუთხოვანი მოყვანილობის და
ამავე წინა ნაწილში შესრულებული იყო ნაჭდევები მეორე ხელის საჩვენებელი თითის უკეთ
მოსაჭიდებლად.
ორიოდე
სიტყვით მინდა დავწერო ასევე თვითონ იმ ქარხანაზე, სადაც ხდებოდა პისტოლეტების წარმოება.
ვინაიდან ამ ქარხნის სახელი წლების მანძილზე არაერთხელ შეიცვლა, ამან შესაძლოა გამოიწვიოს
ერთგვარი დაბნეულობა, ამიტომ ქრონოლოგიურად მივყვეთ. ქარხანა რომელსაც აწარმოებდა vz. 82 (CZ-82)-ს გახლავთ დღეს ყველასათვის
ცნობილი „Česká zbrojovka“, რომლის სახელწოდებაც წლების მიხედვით ასე გამოიყურებოდა:
წლები (პერიოდი)
|
ქარხნის დასახელება
|
1919-27.06.1936
|
Jihočeská zbrojovka
|
27.06.1936-1945
|
Česká zbrojovka Uherský Brod
|
1945-01.01.1950
|
Česká zbrojovka Strakonice, a. s., závod Uherský Brod
|
01.01.1950-01.04.1958
|
Závody přesného strojírenství Uherský Brod
|
01.04.1958-01.07.1965
|
Závody Říjnové revoluce, n. p. Vsetín, závod 5 – Uherský Brod
|
01.07.1965-01.01.1983
|
Přesné strojírenství
|
01.01.1983-01.07.1988
|
Agrozet Uherský Brod
|
01.07.1988-01.05.1992
|
Česká zbrojovka, Uherský Brod
|
01.05.1992-დღემდე
|
Česká zbrojovka a.s.
|
გამოდის
რომ vz. 82 (CZ-82) შემუშავდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქარხანას ერქვა Přesné
strojírenství (ზუსტი მანქანამშენებლობის), ხოლო წარმოების პროცესის დროს მას ერქვა
Agrozet Uherský Brod შემდგომ კი Česká zbrojovka, Uherský Brod.
პისტოლეტი
vz. 82 (CZ-82) ქარხნულად კომპლექტდებოდა მეორე (ე.წ. სათადარიგო) მჭიდით, საწმენდი
ღეროთი (ზუმბათი), ზონარით (თასმით) და ტყავის შალითით (კაბურით), რომელშიც თავსედებოდა
პისტოლეტი და სათადარიგო მჭიდი. შალითის ფორმა იმდეგვარად იყო გადაწყვეტილი რომ მის
გამოყენებას როგორც მემარჯვენა, ასევე მემარცხენე მსროლელი ერთნაირად შეძლებდა. ამისათვის
აუცილებელი იყო მხოლოდ ერთი რამ. სათადარიგო მჭიდის და პისტოლეტის ადგილების გადანაცვლება
და ჩადება შალითაში იმ მხრიდან რომოლეიც კომფორტული იქნებოდა მსროლელისთვის. სწორედ
ამიტომ აქვს შალითას სახასიათო ტრაპეციული ფორმა. აღსანიშნავია, რომ შალითაზე გაცემულ
იქნა პატენტი № 234 905, რომელიც ეკუთვნოდა კარელ სტრუჰალს (Karel Strouhal).
პისტოლეტის
დაფარვა და დამღები
სამხედრო
(სამთავრობო) კონტრაქტის ფარგლებში დამზადებული ყველა vz. 82 (CZ-82) დაფარული იყო
შავი ფერის საღებავით. როგორც ჩეხოსლოვაკიაში უწოდებდნენ ეს გახლდათ ერთგვარი პოლიმერული
საღებავით დაფარვა. ვერ ვიტყვით, რომ ეს საღებავი გამოირჩევა კარგი მდგრადობით. იგი ექსპლუატაციის პერიოდში იქერცლებოდა და საშინელ ვიზუალს აძლევდა პისტოლეტს. ინტერნეტი სავსეა ფოტო თუ ვიდეო
მასალით, რომელშიც vz. 82 (CZ-82) ალაგ-ალაგ ამძრვალი საღებავის გამო დალმატინელი ძაღლივით
არის აჭრელებული.

თუმცა იარაღის ქიმიური გაშავებისგან (ოქსიდირება იქნება ეს თუ ფოსფატირება)
განსხვავებით ჩეხოსლოვაკიის არსენალის სახელოსნოში მარტივად ხდებოდა პისტოლეტების ხელახლა
შეღებვა. შეღებვა ჯდებოდა უფრო იაფი და იგი არანაირ გავლენას არ ახდენდა პისტოლეტის საქსპლუატაციო თვისებებზე. რაც შეეხება საექსპორტო/კომერციული მიზნით დამზადებულ CZ-83-ებს თავდაპირველად
შეღებვის ნაცვლად ხდებოდა მათი საკეტების ფოსფატირება ან ოქსიდირება (ე.წ. ვარანენიე) რაც ბევრად უფრო პრეზენტაბელურ იერს აძლევდა პისტოლეტს, თუმცა მოგვიანებით წარმოებულ
პისტოლეტებში, რომლებიც უკვე ჩეხეთის ეპოქას განეკუთვნებოდა ქიმიური ოქსიდირების ნაცვლად ხდებოდა იარაღის შეღებვა
სპეციალური საღებავით. ზუსტად იგივე გზით წავიდნენ CZ-75-ის შემთხვეავაშიც (თავდაპირველად ოქსიდირებით კეთდებოდა ხოლო შემდგომ შეღებვაზე გადავიდნენ). აღსანიშნავია
რომ CZ-83 ასევე იწარმოებოდა ვერცხლისფერი დაფარვითაც ე.წ. Satin Nickel.

რაც
შეეხება პისტოლეტის დამღებს: ყველა სამხედრო (სამთავრობო) კონტრაკტის
ფარგლებში დამზადებულ vz. 82 (CZ-82)-ზე გვხვდება შემდეგი ტიპის დამღები: პისტოლეტის
ჩარჩოზე მარჯვენა მხრიდან სასხლეტი კავის ზემოთ დატანილი დამღა she რომელიც არის Česká
zbrojovka-ს დამღა. აღნიშნული დამღის შემდეგ მოცემულია პისტოლეტის დამზადების წლის
ბოლო 2 ციფრი მაგალითად 86 ნიშნავს, რომ პისტოლეტი დამზადებულია 1986 წელს.
მომდევნო
დამღა 2 ცალი გადაჯვარედინებული ხმლის სახით არის ე.წ. შეიარაღებაში მიღების დამღა.
საკეტზე მარჯვენა მხარეს დატანილია სერიული ნომერი და ამონაბეჭდ წრეში ჩასმული Т-სებური
დამღა, რომელიც წარმოადგენს ჩეხოსლოვაკის არსენალის საგამოცდო დამღას. სერიული ნომერი
და არსენალის საგამოცდო დამღა Т-ასოს სახით, ასევე დატანილია ლულის სახაზინო ნაწილში
მასრის ამოსაგდებ ფანჯარასთან.
რაც
შეეხება კომერციული/საექსპორტო მიზნით დამზადებულ CZ-83-ებს. საკეტის მარცხენა მხარეს
დატანილი წარწერები წლების განმავლობაში იცვლებოდა. ჩეხოსლოვაკიაში დამზადებული პისტოლეტების
საკეტზე მარცხენა მხრიდან დატანილი იყო კომპანია Česká zbrojovka-ს სავაჭრო ნიშანი
(ლოგოტიპი), პისტოლეტის მოდელი და კალიბრი. ჩეხეთის რესპუბლიკის დროს დამზადებულ პისტოლეტებზე
კომპანიის ლოგო გადავიდა წარწერების ბოლოში, ხოლო შემდეგ პერიოდში ისევ მარკირების დასაწყისში
ხდებოდა მისი დატანა.
ასეთი წარწერების დატანა საკეტის მარცხენა მხარეს არ ხდებოდა
სამხედრო (სამთავრობო) კონტრაქტის vz. 82 (CZ-82)-ებზე. მათი საკეტის მარცხენა მხარე
იყო სრულიად ცარიელი ყოველგვარი მარკირების და დამღების გარეშე. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ
შტატებში შეტანისას დაიწყეს იმპორტიოტრებმა ელექტრონული ფანქრით ინფორმაციის დატანა.
რატომ ხდებოდა იმპორტიორების მიერ მარკირებების დატენა აშშ-ში ამ საკითხზე სტატიის
ქვემოთ ვისაუბრებ.
ფოტოზე გამოსახულია ჩეხოსლოვაკიაში დამზადებული საარმიო პისტოლეტი vz. 82 (CZ-82) რომელსაც საკეტზე ელექტრონული ფანქრით აქვს დატანილი მარკირება. ეს არ არის ქარხნული მარკირება. იგი აშშ-ში შეტანის დროს იქნა მარკირებული. მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი ჯერ კიდევ ჩეხოსლოვაკიაში დამზადდა, მასზე დატანილია მარკირება CZECH REPUBLIC, რაც იმით არის განპირობებული, რომ მაგ დროს ჩეხოსლოვაკია აღარ არსებობდა.
ყველაზე დიდი რაოდენობით vz. 82 (CZ-82) აშშ-ში შეტანილ იქნა 2007-2011 წლებში. რამდენადაც ცნობილია სხვადასხვა წყაროებიდან 2007 წელს ერთერთმა პიროვნებამ წერილი მიწერა აშშ-ს ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღის და ფეთქებადი ნივთიერებების ბიუროს (BATFE). აღნიშნული წერილის განხილვის შემდეგ vz. 82 (CZ-82)-ს მიენიჭა ე.წ. "Curio and relic firearms" კატეგორია და შევიდა შესაბამის ნუსხაში, რამაც ფაქტიურად კარები გაუღო ჩეხეთს იმისთვის რომ მარაგებში არსებული და დაკონსერვებული vz. 82 (CZ-82)-ები შეეტანათ აშშ-ს სამოქალაქო იარაღის ბაზარზე.
დამღები კონკრეტულად
ჩვენს პისტოლეტზე
კონკრეტულად
ჩვენი პისტოლეტი დამზადებულია ჩეხოსლოვაკიაში 1988 წელს სამხედრო (სამთავრობო) კონტრაქტის
ფარგლებში, რასაც მოწმობს ჩარჩოზე მარჯვენა მხარეს დატანილი დამღა she 88 და სტილიზირებული
დამღა 2 ცალი გადაჯვარედინებული ხმლის სახით.

პისტოლეტი ძალიან კარგ კონდიციაში იმყოფება
როგორც გარეგნულად, ასევე შიდა დეტალების მხრივ. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ vz.
82 (CZ-82) ძალიან არამდგრადი საღებავით იფარებოდა, დიდი ალბათობით ჩვენს საკუთრებაში
არსებული პისტოლეტის დაფარვა, კონსერვაციის წინ ჩეხოსლოვაკიის არსენალში იქნა აღდგენილი
და შემდეგ მოხდა მისი კონსერვაცია სადაც ინახებოდა გარკვეული პერიოდი, საიდანაც შემდგომ
გაგზავნილ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში. საიდან ვიცით რომ პისტოლეტი გაიგზავნა
აშშ-ში? 1. პისტოლეტი საქართველოში ამერიკიდან არის ჩამოტანილი; 2. პისტოლეტის ამობრუნების
შემდეგ საკეტის ცხვირის ნაწილში დავინახავთ, რომ ელექტრონული ფანქრით დატანილია წარწერა
CZ-82, პისტოლეტის კალიბრი 9x18mm და იმპორტიორის დასახელება.

ვინაიდან vz. 82
(CZ-82) წარმოადგენს სამხედრო მარაგებიდან ამოღებულ პისტოლეტს (როგორც აშშ-ში უწოდებენ
Military Surplus), იქაური კანონმდებლობა მოითხოვს რომ პისტოლეტზე დატანილი სახით
არსებობდეს ინფორმაცია იმპორტიორზე, მოდელის (მარკა/დასახელება) და კალიბრის შესახებ. ვინაიდან
vz. 82 (CZ-82)-ზე სამხედრო კონტრაკტის ფარგლებშია დამზაზდებული, მასზე ამ ინფორმაციის
დატანა ჩეხოსლოვაკიაში ქარხნულად არ ხდებოდა. შესაბამისად ამერიკის შეერთებულ შტატებში
შეტანისას მოხდა მათი დატანა ელექტრონული ფანქრით. შეიძლება ითქვას, რომ გამიმართლა
რადგან ეს დამღები საკმაოდ შეუმჩნეველ ადგილას არის დატანილი და არ ამახინჯებს იარაღის
ავთენტურ იერსახეს. გარკვეული იმპორტიორები ამ წარწერების დატანას ახდენდნენ საკეტის
მარცხენა გვერდით მხარეს, ზოგი როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხარეს და ზოგიც პისტოლეტის
სახელურის წინა ნაწილში.
გარკვეული ნიუანსები,
ერგონომია და კონტროლის ორგანოები
პისტოლეტი
სახლში მოტანისთანავე არასრულად დავშალე რათა საფუძვლიანად გამეწმინდა. დაშლის შემდეგ
აღმოვაჩინე რომ მოძრავი დეტალების და კონტროლის ორგანოების ადგილებში მცირე რაოდენობით
ზეთთან შერეული რკინის ნაქლიბის მსგავსი ფაფასავით მასა იყო დაგროვებული. იმ ადგილებში
სადაც შევძელი ყურის საწმენდი ჩხირებით მიდგომა ამოვასუფთავე, მაგრამ მჭიდის გამოსაგდებ
ღილაკზე თითის დაწოლისას იგრძნობოდა ერთგვარი ხრაშუნი. რთული მისახვედრი არ იყო რომ
მანდაც შეაღწევდა ის ფაფასავით მასა. ვინაიდან შიდა მექანიზმის გაწმენდას გარედან ვერ შევძლებდი
გადაწყდა რომ დამეშალა მჭიდის მოსახსნელი ღილაკ-ფიქსატორის მექანიზმი და ისე გამეწმინდა.
ამისათვის საჭირო გახდა სასხლეტის დამცავი კავის მოხსნა, რომელიც სახელურის ლოყების
მოხსნით და ერთი ღერძის (პინის) გამოგდებით მოხერხდა. სასხლეტის დამცავი კავი მჭიდის
ღილაკ-ფიქსატორთან ერთად მთლიანი მოდულის სახით იხსნება. შემდეგ საჭიროა ამ მოდულიდან
ამოვიღოთ კიდევ ერთი ღერძი და მთლიანად დაიშლება მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი. ეს ყველაფერი
მარტივად მოხერხდა. ღილაკის დეტალები გაიწმინდა და მოთავსდა თავის ბუდეში. უკვე აწყობაზე
უნდა გადავსულიყავი რომ სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე ერთი დეტალი. საკეტის შემაკავებელი
ბერკეტის ზამბარა ამოხტა თავის ბუდიდან. ვინაიდან არ მქონდა სათანადო ინსტრუმენტები
დაიწყო ნამდვილი მოგზაურობა „კლოაკას ხვრელში“. რამოდენიმე საათი ვიდეოების ყურებით,
სქემების თავლიერებით და ცდების ჩატარებით როგორც იქნა შევძელი ყველაფრის სათანადოდ
აწყობა. მოკლედ თუ გადაწყვიტეთ რომ CZ-82/CZ-83 სრულად დაშალოთ, წინ დიდი გამოწვევა
გელით, თუმცა ღირს ამ გამოცდილების მიღება.
მიუხედავად
იმისა, რომ მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი განთავსებულია სასხლეტი კავის უკან, მასზე ოპერირება
მოითხოვს პისტოლეტის ხელში ჭერის შეცვლას. თუ გინდა მჭიდის მოხსნა პისტოლეტი ოდნავ
უნდა შემოაბრუნო შენსკენ იმისთვის რომ ცერა თითი მიწვდეს ღილაკს. ან მეორე ხელის თითი
უნდა გამოიყენო მჭიდის ღილაკზე დაჭერისთვის.
სახელურის ლოყებზე მჭიდის ღილაკთან არსებული ამობურცულობა
ეს ნიუანსი განპირობებულია სახელურის ლოყებზე
არსებული ამობურცულობის გამო. თვითონ სახელურის ერგონომიულობა პირადად ჩემთვის ძალიან
კარგია, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე მჭიდის მოხსნისას საჭიროა პისტოლეტის ოდნავ შემობრუნება ხელში.
პისტოლეტს უკანა ნაწილში შესრულებული აქვს ე.წ. "თახვის კუდი" (Beaver tail), რაც მინიმუმამდე ამცირებს სროლის დროს საკეტის ან ჩახმახის კუდის ზემოქმედებით მსროლელის ხელზე გაკვრას და "კბენას".
პისტოლეტის
მჭიდი. ვინაიდან მჭიდის გამოსასვლელი არის ერთრიგიანი, ეს
ართულებს მასში ვაზნების სწრაფ მოთავსებას, განსაკუთრებით მე-10-ე ვაზნის ჩადების შემდეგ
ზამბარის დაწოლა მატულობს და დიდ ძალისხმევას მოითხოვს მჭიდის ბოლომდე შევსება 12 ცალი
ვაზნით. vz. 82 (CZ-82)-ის მჭიდებზეც (ისევე როგორც პისტოლეტის ჩარჩოზე) დატანილია
სტილიზირებული დამღა 2 ცალი გადაჯვარედინებული ხმლის სახით.

თავდაპირველ სერიებში მჭიდის
ფუძე (ტერფი) მზადეებოდა დაღარვის მეთოდით შედარებით სქელი ალუმინისგან, ხოლო შემდგომ ფუძე შეიცვალა
და ნაბეჭდი ფოლადისგან მზადდებოდა. ასევე მოგვიანებით მჭიდის ქვედა ნაწილში ორივე მხრიდან გაჩნდა ერთგვარი სიმყარის ნეკნი ჩანაჭყლეტის სახით. ჩვენი პისტოლეტის მჭიდიც ფოლადის ფუძით არის წარმოდგენილი და გააჩნია ზემოაღნიშნული ნეკნი.
ვინაიდან მჭიდს აქვს ერთრიგიანი გამოსასვლელი, საკმაოდ მარტივია მისი მორგება განიერ
სახელურში.

მაკაროვის სისტემის პისტოლეტში ერთრიგიანი მჭიდიდან ვაზნის მიწოდება ლულის
სავაზნეში ხდება თითქმის სწორი მიმართულებით (უმნიშვნელოდ მცირე კუთხით), რაც იმით არის განპირობებული, რომ მჭიდში მოთავსებული პირველი
ვაზნა მიწოდებისას მაქსიმალურად არის განლაგებული ლულის ხაზზე და ტყვია ცხვირის ნაწილით ფაქტიურად არ ეჯეხება ე.წ. Feed ramp-ს. vz. 82 (CZ-82)-ის შემთხვევაში სავაზნესთან
გაკეთებულია უფრო განიერი ფორმის "მიწოდების პანდუსი" (Feed ramp), რომლის მეშვეობითაც მჭიდიდან
გამოსული ვაზნა ცხვირის ნაწილით ეჯახება მას და ქვემოდან ზემოთ შეცურებით მიეწოდება ლულის სავაზნეში. მოქმედებს ეს ყველაფერი პისტოლეტის საიმეედოობაზე ნეგატიურად? პრაქტიკულად არა. ასეთი
პრინციპი გამოიყენება უამრავ თანამედროვე პისტოლეტში. მაგალითად გლოკში, М1911 პლატფორმის
პისტოლეტებში და კიდევ სხვა ცნობილ პისტოლეტებში.
მცველის
ბერკეტი. როგორც უკვე ავღნიშნეთ მცველის ბერკეტი ორივე მხარეს
არის დუბლირებული და მუშაობს Cocked and locked პრინციპით. მცველის გააქტიურება ახდენს
სასხლეტის (უფრო სწორად ჩურჩულას) და საკეტის ბლოკირებას. მცველზე თითით მიწვდომა პირადად
ჩემთვის მოსახერხებელია თუმცა იგი ხისტად მოძრაობს, ამიტომ მოითხოვს დაწოლისას ძალისხმევას.
საკეტის
შემაკავებელი ბერკეტი. რაც შეეხება საკეტის შემაკავებელ ბერკეტს მე მომწონს
მისი ერგონომია. ჩემი თითისთვის კარგი ზომა აქვს, თითი ინტიუტიურად ჯდება მასზე და
ზედაპირზე შესრულებული მსხვილი ნაჭდევებიც თავის მხრივ აადვილებს ბერკეტზე ოპერირებას.
მაკაროვის პისტოლეტის ბერკეტზე ხშირად ჩამომცურებია თითი და ჩეზეს შემთხვევაში მისი
გეომეტრია და ზედაპირი ისეთია როგორიც მე მომწონს.
დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. ჩემი შეგრძნებებით წინასწარ შეყენებული ჩახმახის შემთხვევაში (SA) სასხლეტი არის საკმაოდ კომფორტული და რბილი. ვერც იმას ვიტყვი, რომ მისი პირველადი თავუსაფლი სვლა (Pre-Travel) და საბოლო სვლა მოკლეა, მაგრამ გრძელიც არაა. 10 ბალიან შკალაზე რომ შევაფასოთ მისი კომფორტულობა, დავუწერდი სადღაც გამართულ 6 ქულას. რაც შეეხება ორმაგი მოქმედებით (DA) ე.წ. თვიშეყენაბად რეჟიმში მუშაობას ჩემი შეგრნებებით ის გაცილებით უკეთესია, ვიდრე საბჭოთა მაკაროვის საშტატო პისტოლეტის სასხლეტი. აქვე უნდა ავღნიშნო რომ ჩახმახის კუდი არის საკმაოდ განიერი, რაც კომფორტულს ხდის მის შეყენებას თითით.
სამიზნე
მოწყობილობები. CZ-82-ის სამიზნე მოწყობილობები მაკაროვის პისტოლეტთან
შედარებით არის უფრო განიერი და მარკირებულია თეთრი ფერის წერტილებით (ერთი გრძივი
მარკირება ხაზის სახით დატანილია წინა სამიზნეზე და ორი წერტილი უკანა სამიზნეზე. ეს წერტილები
არ არის ტრიტიუმის, შესაბამისად სიბნელეში არ ანათებს, თუმცა ცუდი განათების პირობებში
და მუქ სამიზნე ობიექტზე სროლისას აადვილებს დამიზნებას.
აღნიშვნას იმსახურებს ის
რომ საღებავით შესრულებული თეთრი მარკირებები ჩვენს პისტოლეტზე ახალივით გამოიყურება.
როგორც წესი ეს საღებავი გარკვეული ექსპლუატაციის შემდეგ იცრიცებოდა და აღარ ჩანდა.
პისტიოლეტის საკეტის ზემოთა მხრიდან მთელს
სიგრძეზე შესრულებულია განიერი ნაჭდევებიანი თამას რომელიც მზიან პირობებში დამიზნებისას
ამცირებს სინათლის ბლიკების წარმოქმნას.
მთლიანობაში
პისტოლეტის ერგონომიულობა პირადად ჩემთვის აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია. უარყოფითი
შემიძლია ვთქვა რომ მცველი ზედმეტად სიხისტად მოძრაობს, მჭიდის ღილაკზე თითის დაწოლის
თავისებურება რომელზეც ზემოთ ვისაუბრე და აქვე ავღნიშნავ რომ მჭიდის ღილაკის ზამბარაც
ხისტია და მოითხოვს მეტ ძალისხმევას. ალბათ ეს სიხისტე იმით არის განპირობებული, რომ
შემთხვევითი დაწოლით არ მოხდეს მჭიდის უნებლიე ამოვარდნა და დაკარგვა.
ასევე
ერთი თავისებურება რომელიც ახასიათებს vz.82 (CZ-82)-ს არის დაშლის დროს სასხლეტის
დამცავი კავის ჩამოწევა. იგი მაკაროვის პისტოლეტის მსგავსად ეგრევე არ იწევა. ეს დეტალიც
საკმაოდ ხისტად მოძრაობს ამიტომ დაშლისას აუცილებელია მისი ოდნავ მოქაჩვა წინ და შემდეგ
დაწევა დაბლა. მეგონა მხოლოდ ჩემს ეგზემპლარზე იყო ეს ნიუანსი თუმცა სხვადასხვა ბლოგერების
ვიდეოების ყურებისას აღმოვაჩინე რომ იგივე თავისებურება მათაც აქვთ და სასხლეტის დამცავი
კავის დაბლა დაწევა მოითხოვს მეტ ძალისხმევას.
ითვლება
რომ vz.82 (CZ-82) არის პირველი პისტოლეტი, რომელიც არმიამ მიიღო შეიარაღებაში და მას
ჰქონდა ორმხრივი მჭიდის ღილაკი და მცველის ბერკეტი. აქ ვგულისხმობ იმას, რომ მჭიდის
ღილაკიც და მცველიც დუბლირებულია და ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნას ორივე მხრიდან.
ანუ არ საჭიროებს ღილაკის მოხსნას და გადაყენებას მეორე მხარეს მაგალითად როგორც გლოკის
პისტოლეტებში.
CZ-82/CZ-83-ის
ალტერნატივები
დღეს
ცეცხლსასროლი პისტოლეტების ბაზარზე უამრავი კომპაკტური და Sub-compact ვარიანტია ხელმისაწდომი,
მაგრამ თუ კონკრეტულ ვიწრო პროფილს განვიხილავთ და კლასიფიკაციას გავაკეთებთ CZ-82/CZ-83-ის
კრიტერიუმების შესაბამისად, მაშინ ასეთ სურათს მივიღებთ:
1. მთლიანად მეტალის პისტოლეტი (არა პოლიმერული);
2. ორმაგი მოქმდების დამრტყმელ-სახლეტი მექანიზმი ღია ჩახმახით;
3. გაბარიტები Compact და Sub-compact. აქვე აღსანიშნავია რომ CZ-82/83
გაბარიტებით უფრო მეტად კომპაკტურ კატეგორიას განეკუთვნება, ვიდრე Sub-compact-ს. თუმცა
ყველაფერი შედარებითია და მაგალითად Glock 19-ს თუ შევადერაბთ გაბარიტებით,
CZ-82/83 ოდნავ მოკლეა, თუმცა Sub-compact გაბარიტების Glock 26 უფრო პატარაა);
4. ორრიგიანი მჭიდი (Double-stack);
5. თავისუფალი საკეტის პრინციპით მომუშავე ავტომატიკა.
რომელი პისტოლეტები შეგვიძლია შევუსაბამოთ ზემოთ ჩამოწერილ კრიტერიუმებს
და რისი განხილვა შეგვიძლია CZ-82/CZ-83-ის ალტერნატივად?
ალბათ
ზემოთ მოცემული კრიტერიუმებით პირველი და ყველაზე საუკეთესო პისტოლეტი ამ კლასში იქნება
Beretta-ს 80-ანი სერიის (იგივე „Cheetah“ სერიის) პისტოლეტები, რომლებიც 2 რიგიან
მჭიდებს იყენებენ. ესენი გახლავთ 7,65მმ-ან ბრაუნინგის (.32 Auto) ვაზნაზე გათვლილი
Beretta M81, 12 ვაზნიანი მჭიდით და 9x17mm Browining Short (.380 Auto) ტიპის ვაზნაზე
გათვლილი მოდელები 13 ვაზნიანი მჭიდით Beretta M84 Cheetah და მისი თანამედროვე ვარიანტი
Beretta 80X.
9x17mm
Browining Short (.380 Auto) ტიპის ვაზნაზე გათვლილი Browning BDA 380, რომლის მჭიდშიც
13 ვაზნა თავსდება და იტალიური Beretta M84-ის ერთგვარ ვარიაციას წარმოადგენს.
გარდა
Beretta-ს მოდელებისა, ასევე აღსანიშნავია შემდეგი პისტოლეტები, რომელიც ჯდება ზემოთ
ჩამოწერილ კრიტერიუმებში. ესენი გახლავთ:
არგენტინული
Bersa Thunder 380 Plus და Thunder 380 Combat Plus 15 ვაზნიანი მჭიდით და ასევე Bersa
TPR 380 Plus. 15 ვაზნა მჭიდში
ესპანური
Astra A-60 გათვლილი 9x17mm Browining Short (.380 Auto) ტიპის ვაზნაზე. ოორიგიანი
13 ვაზნიანი მჭიდით
რუსული
წარმოების მაკაროვის პისტოლეტის თანამედროვე ვარინტი Baikal 442, რომელიც გათვლილია
9x18მმ-ან მაკაროვის ვაზნაზე და იყენებს 12 ვაზნიან მჭიდს.
უკრაინული
Fort-12 (Форт-12), რომელიც სწორედ CZ-82/CZ-83-ის გავლენით შეიქმნა და გარკვეული კვანძები
მისგან იქნა აღებული. გათვლილია 9მმ-ან მაკაროვის ვაზნაზე (9x18мм ПМ) მჭიდის ტევადობა
12 ცალი ვაზნა. Fort-12 (Форт-12) ასევე იწარმოება 9x17mm Browining Short (.380 Auto)
ტიპის ვაზნაზეც. მჭიდის ტევადობა 13 ცალი ვაზნა.
როდესაც
დავფიქრდები ცივი ომის პერიოდის ჩეხოსლოვაკიურ შეიარაღებაზე სულ მიჩნდება ერთი შეკითხვა
რატომ არ მიიღო ჩეხოსლოვაკიის არმიამ შეიარაღებაში ჯერ კიდევ 1975 წელს შექმნილი ჩინებული
CZ-75 და რატომ მიიღო 1983 წელს vz. 82 (CZ-82)? CZ-75 ხომ გაცილებით წინ დგას საბრძოლო თვისებებით
ვიდრე vz. 82 (CZ-82)? ალბათ ერთადერთი ობიექტური პასუხი, რომელიც შეიძლება გაეცეს
ამ შეკითხვას გახლავთ ვარშავის ხელშეკრულება (ვარშავის პაქტი). ვინაიდან CZ-75 გათვლილია
9x19mm Parabellum (9mm Luger) ტიპის ვაზნაზე, ჩეხოსლოვაკიაში ვარშავის ხელშეკრულებიდან
გამომდინარე გადაწყვიტეს რომ საარმიო პისტოლეტი გათვლილი უნდა ყოფილიყო საბჭოთა 9x18mm
Makarov ტიპის ვაზნაზე. უბრალოდ ამ ფაქტს სხვა ახსნას მე ვერ ვუძებნი. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ 1996 წლიდან CZ-75-მა ნელნელა დაიწყოს ფეხის მოკიდება ჩეხეთის ძალოვანი უწყებების შეიარაღებაში.
* * * * *
დღეს
მთელი მსოფლიოს მასშტაბით იარაღის მწარმოებლები ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენენონ
თავიანთი პისტოლეტების კონსტრუქციაში მსუბუქი შენადნობები, გახადონ იარაღის დეტალები
მარტივად დასამზადებელი და ტექნოლოგიური. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის რომ პოლიმერული
პისტოლეტები მასიურად ბატონობენ და თითქოს თანამედროვე იარაღის ბაზარზეც აღარ არის
ადგილი მოხუცი CZ-82/CZ-83-სთვის. თუმცა ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც
ძველი სკოლის წარმომადგენლებს, ფოლადის ჩარჩოს, ღია ჩახმას და ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ
მექანიზმს განსაკუთრებული ადგილი უკავია. შესაბამისად სანამ არსებობენ ეგეთი ადამიანები
CZ-82/83-იც არ იქნება თამაშს გარეთ... ასე რომ „მოხუცებისთვის ადგილი ჯერჯერობით
არის“!