თვითდამტენი შაშხანა Johnson M1941
1936 წელს აშშ-ს არმიამ შეიარაღებაში მიიღო იმ ეპოქისათვის ერთერთი საუკეთესო
თვითდამტენი შაშხანა სახელწოდებით „M1 Garand“ (მისი ოფიციალური აღნიშვვნა იყო „US
rifle, .30 caliber, M1“). შაშხანის კონსტრუქტორი გახლდათ ჯონ გარანდი (Jean
Cantius Garand შემოკლებით John C. Garand). 1937 წელს გარანდის შაშხანების
პირველი პარტია მიწოდებულ იქნა აშშ-ს სამხედრო ნაწილებში. ცნობილია რომ შაშხანა
თავდაპირველად ვერ აჩვენებდა სათანადო საიმედოობას, რასაც ჯარისკაცების მხრიდან
მოჰყვა ხშირი ჩივილები და პრეტენზიები. საბოლოოდ ჩივილები კონგრესამდეც მივიდა,
რომელმაც გამოყო სპეციალური კომისია იმისათვის რომ საფუძვლიანად შეესწავლათ გარანდის შაშხანის კონსტრუქციული
ნაკლოვანებები. კომისიამ შაშხანის დეტალური შესწავლის შემდეგ დღის წესრიგში
დააყენა მასში რიგი დეტალების გადამუშავების საკითხი. გადამუშავებას პირველ რიგში ექვემდებარებოდა
აირგამყვანი სისტემა, რომელიც ყველაზე ხშირად ხდებოდა შეფერხების გამომწვევი
მიზეზი. 1941 წელს მოდერნიზაციის და კონსტრუქციული ცვლილებების განხორციელების
შემდეგ, დაწყებულ იქნა „M1 Garand“-ის გადამუშავებული შაშხანის წარმოება და არმიის
შეიარაღება.
ჯონ გარანდის თვითდამტენი შაშხანა M1 Garand
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჯონ გარანდის კონსტრუქციულ ნაკლოვანებებს კონგრესამდე
რამოდენიმე ხნით ადრე ყურადღება მიაქცია, საზღვაო ფეხოსანმა მელვინ ჯონსონმა (Melvin
Maynard Johnson), რომელიც იარაღის ფაბრიკა „Springfield Armory“-ში სხვა საზღვაო ფეხოსნებთან ერთად დამკვირვებლის
სტატუსით იმყოფებოდა და აკვირდებოდა ჯონ გარანდის და ჯონ პედერსენის (John Douglas
Pedersen) შაშხანების გამოცდებს. ჯონსონმა დაკვირვებების შედეგად გადაწყვიტა რომ
შეეძლო უკეთესი შაშხანის შექმნა. ამის შემდეგ მან დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა
საკუთარი კონსტრუქციის თვითდამტენ შაშხანაზე, რომელსაც აშშ-ს არმიას შესთავაზებდა.
მელვინ ჯონსონი და მისი პირველი პროტოტიპები
მელვინ მაინარდ ჯონსონი დაიბადა 1909 წლის 6 აგვისტოს, მასაჩუსეცის
შტატში. იგი იზრდებოდა მდიდარ და საკმაოდ გავლენიან ოჯახში. აშშ-ს სამხედრო
სამსახურშო ჩაერთო 1933 წელს, სადაც მსახურობდა საზღვაო ფეხოსნათ (ბოლოს მისი
სამხედრო წოდება გახლდათ საზღვაო ფეხოსანთა კაპიტანი). იგი ბავშობიდან იყო
დაინტერესებული ცეცხლსასროლი იარაღით, თუმცა მას არ გააჩნდა არანაირი ტექნიკური
განათლება და წარმოადგენდა თვითნასწავლ მეიერაღეს. განათლებით მელვინ ჯონსონი იყო
იურისტი და გარკვეული პერიოდი ადვოკატობის კარიერასაც მისდევდა.
მელვინ ჯონსონი (Melvin Maynard Johnson)
1935 წელს მელვინ ჯონსონმა მუშაობა დაიწყო პირველი შაშხანის ნიმუშზე, ხოლო 1936 წელს გააკეთა პატარა სახელოსნო, სადაც სხვადასხვა იარაღის დეტალებით და საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტების გამოყენებით კუსტარული წესით დაამზადა შაშხანის პროტოტიპი. ცნობილია, რომ დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმში, კერძოდ კი საცემის როლში მან გამოიყენა საქსოვი ჩხირი.
იარაღის ავტომატიკა მუშაობდა მოძრავი ლულის პრინციპით.
მიუხედავად უხეშად დამზადებული და მორგებული დეტალებისა, პროტოტიპი ისროდა და მისი
ავტომატიკის სქემაც სათანადოდ ფუნქციონირებდა. 1937 წლის 28 სექტემბერს აშშ-ში მის
სახელზე გაიცა საიარაღო პატენტი № 2,094,156.
ამ ყველაფრის შემდეგ იგი შეუდგა პროტოტიპის გადამუშავებას. 1938 წელს
მას უკვე ჰქონდა მომზადებული თვითდამტენი შაშხანის სრულფასოვანი პროტოტიპი,
რომელიც იარაღის კომპანია „Marlin
Firearms“-ის დახმარებით რამოდენიმე საცდელი ეგზემპლარის სახით დაამზადა. მელვინ
ჯონსონმა პირველად სწორედ ეს საცდელი პროტოტიპები შესთავაზა აშშ-ს არმიას. 1938 წლის აგვისტოში მერილენდის
შტატში მდებარე აბერდინის პოლიგონზე ჯონსონის შაშხანებმა გაიარა პირველი
გამოცდები. რიგი წყაროების თანახმად ცნობილია, რომ გამოცდებზე 3 ცალი შაშხანიდან
გაისროლეს გაძლიერებული მუხტის მქონე ვაზნები. სულ გაძლიერებული მუხტით
განხორციელდა 4000 გასროლა, საიდანაც შეფერხებების საერთო რაოდენობამ შეადგინა 86
ერთეული. ასევე გამოცდებისას დაზიანდა იარაღის გარკვეული დეტალები.
მიუხედავად შეფერხებებისა და დაზიანებული დეტალებისა, შეიძლება ითქვას
რომ მთლიანობაში გამოცდებმა დადებითად
ჩაიარა, თუმცა ჯონსონის შაშხანას არ უყურებდნენ როგორც სერიოზულ მოთამაშეს.
საგამოცდო კომისიის წევრებმა გარკვეული რეკომენდაციებიც კი მისცეს ჯონსონს, რომლის
თანახმად უნდა მომხდარიყო შაშხანის გადამუშავება. გადამუშავების შედეგად ჯონსონის
სახელზე გაიცა ახალი პატენტები ნომრით № 2,146,743
რომელიც ეხებოდა იარაღის საკეტის კონსტრუქციას, ხოლო პატენტი ნომრით № 2,181,131 ეხებოდა
გადასატენი სახელურის და ექსტრაქტორის კონსტრუქციას.
როტორული მჭიდის შევსება 5 ცალ ვაზნაზე გათვლილი დამჭერი კლიპით
გამოცდების დროს წარმოდგენილ საცდელ ეგზემპლარებს ჰქონდა ვერტიკალური
სახის მჭიდი, რომელიც შემდგომ ასევე იქნა გადამუშავებული. შეიძლება ითქვას, რომ ჯონსონის
განახლებულ შაშხანაში მთავარ სიახლეს სწორედ ახალი მჭიდი წარმოადგენდა. ახალი
შაშხანებისთვის ჯონსონმა შემუშავა დოლურისებური (ე.წ. როტორული) მჭიდი, რომელიც 10
ცალ აშშ-ს საშტატო .30-06 Springfield (7.62×63mm) ტიპის ვაზნას იტევდა. მჭიდის
ვაზნებით შევსება შესაძლებელი იყო, როგორც ამერიკული შაშხანისთვის „Springfield
M1903“ განკუთვნილი 5 ცალ ვაზნაზე
გათვლილი კლიპებით (ე.წ. აბოიმით), ასევე მჭიდში ვაზნების სათითაოდ ჩალაგებით. გარკვეული
წყაროების თანახმად ასეთი მჭიდის იდეა ჯონსონს მოუვიდა მას შემდეგ, რაც ალკოჰოლის
მიღებისას ბარში მოისმინა, რომ ერთერთი ოფიცერი ჩიოდა გარანდის შაშხანის მჭიდის მოუხერხებლობის
შესახებ. არსებობს ლამაზად მოწოდებული
ინფორმაცია (შესაძლოა გამოგონილიც), რომ ჯონსონმა იმ წუთას ბარშივე აიღო ხელსახოცი
და მასზე დახაზა როტორული მჭიდის პირველი ჩანახატი ექსკიზის სახით.
მელვინ ჯონსონის სახელზე გაცემული პატენტი, რომელიც ეხება როტორული მჭიდის კონსტრუქციას. საპატენტო განაცხადი შეტანილ იქნა 1939 წლის 31 იანვარს, ხოლო პატენტი გაიცა 1944 წლის 15 თებერვალს
შაშხანის გადამუშავების შემდეგ ჯონსონმა დაიწყო თანამშრომლობა საკერავი მანქანების მწარმოებელ კომპანიასთან „Taft-Peirce Manufacturing Company“. აღნიშნული კომპანია შეკვეთის შემთხვევაში უზრუნველყოფდა შაშხანების დამზადებას. ჯონსონმა ასევე სცადა საკუთარი კონსტრუქციის შაშხანის სამოქალაქო ბაზარზე გაყიდვა. იგი პოტენციური კლიენტებს სთავაზობდა ორი სახის შაშხანას: 1. ძველი ვერტიკალური მჭიდიანი მოდელი აღნიშვნით V (vertical); 2. ახალი როტორული მჭიდით R (rotary). სამოქალაქო ბაზრისთვის განკუთვნილ მოდელებს ასევე ჰქონდა ოპტიკური სამიზნის სამაგრი და კონდახის ბოლოში უკუცემის შესამცირებლად განკუთვნილი საზურგე ამორტიზატორი.
ზემოთ გამოსახულია მსუბუქი ხელის ტყვიამფრქვევი ჰორიზონტალურად განთავსებული მოხსნადი მჭიდით, ხოლო ქვემოთ კი პროტოტიპი ვერტიკალურად განთავსებული მჭიდით
ამ ყველაფრის შემდეგ ჯონსონმა სასწარაფო წესით დაამზადა მთლიანად
მეტალის შემსუბუქებული ხიშტი. გარდა ამისა შეეცადა საქმეში ჩაერთო მისი გავლენიანი
ოჯახი, სანაცნობო ქსელი და სენატორები, რომელთა დახმარებით ცდილობდა დაერწმუნებინა
ამერიკელი კონგრესმენები ჯონ გარანდის შაშხანის უვარგისობაში. საბოლოოდ სანაცნობო
ქსელმა და გავლენიანი ხალხის ჩარევამ არანაირი შედეგი არ გამოიღო. მიუხედავად
ამისა, ჯონსონი სახმელეთო ჯარიდან გადაერთო, სამხედრო საზღვაო ძალებზე (Marine
Corps) და მათ შესთავაზა საკუთარი შაშხანა.
1940 წლის მაისში ჯონსონის შაშხანები სერიული ნომრებით R13, R14 და
R15 (სამივე მოდელი იყო როტორული მჭიდით) გამოსაცდელათ გადაეცათ საზღვაო ფეხოსანთა
მსროელელებს. გამოცდებში მონაწილეობას იღებდა 4 საუკეთესო მსროლელი. შაშხანების
გამოცდა გაიმართა ვირჯინიის შტატში,
კერძოდ Quantico-ოში მდებარე საზღვაო დეპოში (რიგი
წყაროების თანახმად კი საზღვაო სამხედრო საწყობების ტეროტორიაზე). გამოცდებმა სტარტი აიღო 1940 წლის 6 მაისს დღის მეორე
ნახევარში და გაგრძელდა 7 მაისს მთელი დღის განმავლობაში. გამოცდებს
ხელმძღვანელობდა კაპიტანი ჯორჯ ორდენი (George Van Orden). გამოცდების ფარგლებში სროლა
წარმოებდა 300 იარდზე (274 მეტრი) და 1000 იარდზე (914 მეტრი). გამოცდებზე
საკონტროლო იარაღს წარმოადგენდა აშშ-ს შეიარაღებაში არსებული თვითდამტენი შაშხანა
„M1 Garand“ სერიული ნომრით 3536 და 3739. ჯონსონის შაშხანამ „M1 Garand“-ზე
10%-ით უკეთესი სიზუსტე აჩვენა. პროცენტულად
სიზუსტის მაჩვენებელი იყო შემდეგი სახის: ჯონსონის შაშხანა 81,2%, ხოლო ჯონ
გარანდის შაშხანა “M1 Garand” 71,3%.
გამოცდების ანგარიშში საზღვაო ფეხოსანთა კაპიტანი ჯორჯ ვან ორდენი (George
Van Orden) აღნიშნავდა, რომ ჯონსონის შაშხანა სიზუსტით და საბრძოლო ეფექტურობით
გარკვეულწილად ჯობდა „M1 Garand“-ს. აქვე აღსანიშნავია, რომ „M1 Garand“-ის მჭიდში
ჩადიოდა 8 ცალი ვაზნა, ხოლო ჯონსონის შაშხანაში 10 ვაზნა. მიუხედავად ამისა ჯონ
გარანდის შაშხანის დამუხტვა უფრო სწრაფად ხდებოდა რადგან მასში ერთიანად იდებოდა 8
ცალი ვაზნა, თუმცა საბოლოო ჯამში სწრაფსროლის მაჩვენებელი ორივე შაშხანას ჰქონდა
თანაბარი.
ამ ყველაფრიდან გამომდიანრე საზღვაო ფეხოსნებისთვის შეუკვეთეს
ჯონსონის კონსტრუქციის 100 ცალი შაშხანა, რომელიც საველე გამოცდებს გაივლიდა. ეს
იყო ჯონსონის მცირე, მაგრამ პირველი წარმატება.
მარცხნიდან
მარჯვნივ სენატორი Morris Sheppard, სენატის კომიტეტის თავმჯდომარე სამხედრო
საკითხებში გენერალ მაიორი George A. Lynch და აშშ-ს ქვეითთა (ფეხოსანთა)
ხელმძღვანელი და სენატორი A.B. Chandler. ათვალიერებენ ჯონსონის თვითდამტენ შაშხანას
საველე გამოცდები გამართულ იქნა 1940 წლის ნოემბერს სან-დიეგოში.
გამოცდებში მონაწილეობას იღებდა 4 განსხვავებული შაშხანა: სტანდარტული
„Springfield M1903” გრძივად მოსრიალე საკეტით (ე.წ. ბოლტ ექშენ) როგორც
საკონტროლო შაშხანა, თვითდამტენი “M1 Garand”, ჯონსონის შაშხანა როტორული მჭიდით
და კომპანია Winchester-ის მიერ წარმოდგენილი კომპაკტური თვითდამტენი შაშხანა,
რომელიც შემდგომ ცნობილი გახდება სახელწოდებით ”M1 Carbine“.
აღნიშნული გამოცდების შედეგად ჯონ გარანდის შაშხანა „M1 Garand“
დასახელდა საუკეთესო ეგზემპლარად, შემდეგ მოდიოდა ჯონსონის შაშხანა და ბოლოს
ვინჩესტერის კომპაკტური შაშხნა. გადაწყვეტილება გარკვეულ წილად მიღებული იყო
მატერიალურ-ტექნიკურ საფუძველზე. ვინაიდან M1 Garand მიმდინარე პერიოდში უკვე
იწარმოებდა და მისი საწარმოო ხაზი იყო გამართული. ასევე სამხედრო საწყობებში უკვე ინახებოდა
მისთვის განკუთვნილი სათადარიგო დეტალები.
თითქოს ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ მელვინ ჯონსონი არ აპირებდა
ფარხმალის დაყრას. მან 1941 წელს მცირედით გადაამუშავა საკუთარი შაშხანა და
მიანიჭა ე.წ. ოფიციალური სამხედრო ტიპის სახელწოდება „Johnson M1941“. (აქვე
აღსანიშნავია, რომ აშშ 20-ანი წლების მეორე ნახევრიდან შეიარაღებაში არსებულ
იარაღების აღნიშვნაში (ე.წ. ნომენკლატურაში) აღარ იყენებდა იარაღის შექმნის
თარიღებს. შესაბამისად თუ ჯონსონის შაშხანას ოფიციალურად მიიღებდნენ შეიარაღებაში
მისი აღნიშვნა ნაცვლად „Johnson M1941“-სა
იქნებოდა "US Rifle, Caliber .30, M2".
კონსტრუქცია და აგებულება
როგორც უკვე ავღნიშნეთ ჯონსონის შაშხანა იყენებს ლულის მოკლე სვლის პრინციპს. ლულაში შესრულებულია 4 ცალი მარჯვნივმიმართული ჭრილი. ლულის გადაკეტვა ხდება საკეტზე არსებული 8 ცალი საბრძოლო ბჯენის (შვერილების) მქონე თავაკის მეშვეობით. შაშხანის კონდახ-სარეცელი დამზადებულია ხისგან. ხისგან არის დამზადებული აგრეთვე ტიბჟირი. ლულას უკანა ნაწილში გააჩნია პერფორირებული (დასვრეტილი) გარსაცმი, ხოლო მისი დიდი ნაწილი არის უბრალოდ ღია მდგომარეობაში. უკანა სამიზნე მოწყობილობა არის დიოპტრული ტიპის და შესაძლებელია მისი რეგულირება სხვადასხვა დისტანციაზე სასროლად. გასროლის დროს ლულა და საკეტი გარკვეულ მანძილს გადის ერთად სანამ ტყვია არ დატოვებს ლულას და ლულაში არსებული წნევა არ დაეცემა. შემდეგ ლულა ებჯინება ჩარჩოზე განთავსებულ ბჯენს, ხოლო საკეტის მბრუნავი თავაკი ამასობაში ახდენს გადაბრუნებას, რის შემდეგაც იგი თავისუფლდება ლულისგან, დამოუკიდებლად აგრძელებს უკუსვლას, და ამოაქვს გასროლილი ვაზნის მასრა ლულის სავაზნედან. შემდეგ იგი შეკუმშული დამაბრუნებელი ზამბარის მეშვეობით კვლავ წინ იწყებს გადაადგილებას, აწვდის მჭიდიდან მორიგ ვაზნას და მბრუნავი თავაკის შემობრუნებით ახდენს ლულის გადაკეტვას.
პირველი შეკვეთები
აღსანიშნავია, რომ 1940 წლის მიწურულს და 41-ის დასაწყისში ჰოლანდიამ,
ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების შემსყიდველი კომისიის შუამდგომლობით დაიწყო
ამერიკის შეერთებულ შტატებში გარკვეული იარაღების შესყიდვა. სწორედ ამ შესყიდვების
ფარგლებში მელვინ ჯონსონს დაუკვეთეს თავდაპირველად 10 200 ცალი და შემდგომ კიდევ
10 200 ცალი შაშხანა (რიგი წყაროების თანახმად შეკვეთის რაოდენობაში სახელდება
30 000 ერთეული ხოლო ზოგი წყარო საერთოდ 70 000 ცალს ასახელებს).
თვითდამტენი შაშხანები ჰოლანდიას ესაჭიროებოდა ოსტ-ინდოეთში (დღევანდელი
ინდონეზია) დისლოცირებული კოლონიალური ჯარის გადასაიარაღებლად, რადგან პოტენციურად
არსებობდა ამ ტერიტორიაზე იაპონელების შეჭრის საფრთხე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ შეკვეთილი
შაშხანები გათვლილი უნდა ყოფილიყო ამერიკულ საშტატო ვაზნაზე „.30-06 Springfield“ (7.62×63mm)
და არა გერმანულ “7.92mm Mauser” ტიპის ვაზნზე, რომელიც ჰოლანდიაში იყო
გავრცელებული.
ვინაიდან შეკვეთა იყო საკმაოდ მასიური, მელვინ ჯონსონს მოუწია
ჩამოეყალიბებინა ფართომასშტაბიანი წარმოება. ამისათვის მან კომპანია „Universal
Windings of Providence“-თან თანაშმრომლობის შედეგად და საკუთარი კომპანიის „Johnson Automatics“-ის ძალებით მოახდინა კრენსტონში მდებარე ტექსტილის ქარხნის
"Cranston Arms Co. inc.“ ტერიტორიაზე შაშხანების საწარმოო ხაზის გამართვა.
ქარხანაში დაწყებულ იქნა შაშხანების წარმოება, მცირე პარტიების სახით,
რომელიც ჰოლანდიაში უნდა გაგზავნილიყო. სწორედ ამ ეპიზოდში იაპონიამ მოახდინა
ოსტ-ინდოეთის ოკუპირება. ამას დაემთხვა ასევე პერლ-ჰარბორში განვითარებული
მოვლენებიც და აშშ ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში, რასაც თავის მხრივ მოჰყვა იარაღის
ექსპორტზე გარკვეული შეზღუდვები. საბოლოო ჯამში ჰოლანდიას მიეწოდა მხოლოდ 3000
(რიგი წყაროების თანახმად მხოლოდ 1999) ერთეული ჯონსონის შაშხანა “Johnson M1941”,
ხოლო შაშხანების გარკვეული ნაწილი შეყოვნდა ქარხნის საწყობში.
ფოტოზე გამოსახულია ოსტ-ინდოეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ვარჯიშობენ და სწავლობენ მელვინ ჯონსონის თვითდამტენი შაშხანის გამოყენებას
ფოტოზე გამოსახული არიან ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო კორპუსის საპარაშუტო დანაყოფის მებრძოლები, რომლებიც შეიარაღებული არიან მელვინ ჯონსონის მსუბუქი ხელის ტყვიამფრქვევებით (LMG)
აქვე საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი. როდესაც პირველი საპარაშუტო ბატალიონი ემზადებოდა სოლომონის კუნძულებზე (Solomon Islands) დესანტირებისთვის, მელვინ ჯონსონმა არაოფიციალურად ე.წ. შეწირულობის სახით გადასცა 23 ცალი საკუთარი კონსტრუქციის თვითდამტენი შაშხანა “Johnson M1941”. ეს ჟესტი ჯონსონის მხრიდან წარმოადგენდა როგორც პატივისცემის გამოხატვას საზღვაო ძალების მიმართ და ასევე ატარებდა ე.წ. სამომავლო გათვლას იმაზე, რომ საზღვაო ძალები დაუკვეთავდა შაშხანების გარკვეულ რაოდენობას.
1942 წლის დეკემბერში ჟურნალმა „Look“ გამოაქვეყნა სტატია პირველი საპარაშუტო
ბატალიონის სერჟანტის ჰარი ტალის (Harry M. Tully) შესახებ, რომელმაც Johnson
M1941 -ის გამოყენებით დაახლოებით 800 იარდის
(731 მეტრი) მანძილიდან შეძლო 42 იაპონელის განადგურება. ამ საგმირო საქმის
გამო ჰარი ტალიმ მიიღო ვერცხლის ვარსკვლავი. აღნიშნული საბრძოლო ეპიზოდის და ჰარი
ტალის გმირობის შესახებ საზღვაო ფეხოსნებში ბევრად უფრო ადრე გავრცელდა
ინფორმაცია, ამიტომ 1942 წლის ოქტომბერში მეორე საპარაშუტო ბატალიონმააც მოითხოვა „Johnson
M1941“. მათ ძალიან მალევე მიაწოდეს 650 ცალი შაშხანა, რომელიც წესით
ჰოლანდიისთვის იყო დამზადებული. ასე და ამგვარად ჯონსონის იარაღი მცირე სახით,
მაგრამ მაინც ხვდებოდა აშშ-ს სხვადასხვა დანაყოფების შეიარაღებაში. მოგვიანებით
შაშხანებზე მოთხოვნა განახორციელა მესამე საპარაშუტო ბატალიონმაც, თუმცა ამ
ეპიზოდში ჩაერთო ხელმძღვანელობა, რომელთაც ეშინოდათ, რომ ჯონსონი მიაწვდიდა
უხარისხო შაშხანებს. ამის მიზეზი გახლდათ ის რომ ჯონსონის შაშხანა არ გადიოდა
სამხედრო ხარისხის კონტროლს, რადგანაც იგი ოფიციალურად არ წარმოადგენდა აშშ-ს
საარმიო იარაღს. ამას ისიც ემატებოდა, რომ შაშხანების პარტია ჯონსონის კომპანიას
დამზადებული ჰქონდა ჰოლანდიის არმიისთვის და მათ აშშ-ში არ ჰქონდათ გავლილი არანაირი
ოფიციალური ხარისხის კონტროლი.
„Johnson M1941“-ის შესახებ გამოხმაურებები საზღვაო ფეხოსნების
მხრიდან კი იყო მხოლოდ დადებითი სახის. მათ მოსწონდათ მაღალი სწრაფსროლა,
მოხერხებულობა და უფრო ნაკლები უკუცემა, ვიდრე ჰქონდა ჯონ გარანდის შაშხანას (M1 Garand).
მთავარი ჩივილები ეხებოდა შაშხანაში დიდი რაოდენობით გამოყენებულ მცირე ზომის
დეტალებს, რომელთა დაკარგვაც საველე პირობებში იყო საკმაოდ ადვილი. ასევე სამხედრო
ნაწილებში არ არსებობდა ჯონსონის შაშხანისთვის განკუთვნილი სათადარიგო დეტალები. მიუხედავად
ამისა ჯონსონის თვითდამტენ შაშხანას და მსუბუქ ხელის ტყვიამფრქვევს მაინც
იყენებდნენ საზღვაო ფეხოსნები.
ცნობილია რომ “Johnson M1941” გამოიყენებოდა კუნძულ ბუგენვილზე (Bougainville)
და მის ახლოს მდებარე კუნძულ შუაზელზე (Choiseul) ჩატარებული დივერსიული რეიდის
დროს. აღნიშნული ბრძოლების დასრულების შემდეგ გაცემულ იქნა ბრძანება რომ
მოეშორებინათ ყველა არასტანდარტული იარაღი, რომელიც არ წარმოადგენდა ოფიციალურად
შეიარაღებაში მიღებულ ერთეულს. პირველ რიგში ეს ეხებოდა ჯონსონის თვითდამტენ შაშხანას
“Johnson M1941”. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მებრძოლებს დაევალათ შაშხნაბის
უტილიზაცია დამტვრევით და მიწაში დამარხვით. ერთერთი რიგითი საზღვაო ქვეითი
კლიფორდ გუდინი თავის მოგონენებში წერდა, რომ შაშხანას მოაძრო ლულა და დამარხა
სანაპიროზე, ხოლო დანარჩენი დეტალები ჩაალაგა თავის ჩანთაში და ნაწილ ნაწილ ფოსტით
გააგზავნა სახლში.
ამბავი რობერტ დანლეპის (Robert Hugo Dunlap) შესახებ
ყველაზე ცნობილი ფაქტი, რომელიც უკავშირდება ჯონსონის თვითდამტენ შაშხანას, გახლავთ კაპიტანი რობერტ დანლეპი (Robert Hugo Dunlap) და მისი ისტორია. როდესაც აშშ ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში, რობერტ ჰუგო დანლეპი გახლდათ კოლეჯის სტუდენტი. იგი 1942 წელს მოხალისედ ჩაეწერა საზღვაო ფეხოსანთა კორპუსში, სადაც თავდაპირველად ჩაირიცხა რეზერვში (U.S. Marine Corps Reserve), ხოლო შემდეგ გაგზავნილ იქნა ოფიცრების მოსამზადებელ კურსზე. 1943 წელს ლეიტენანტის წოდებით შეუერთდა პირველი პოლკის მესამე ბატალიონს.
როდესაც 1943 წელს კუნძულ ბუგენვილზე (Bougainville) დასრულდა საბრძოლო ბატალიები და გაიცა განკარგულება შაშხანების უტილიზაციაზე, რობერტ ჰუგო დანლეპმა გადაწყვიტა დაეტოვებინა მისი შაშხანა “Johnson M1941”. ვინაიდან შაშხანა ოფიციალურად არ აღირიცხებოდა არსად, მას ვერავინ ვერ მოედავებოდა სახელმიწოფო ქონების მოპარვას. ამიტომ დანლეპმა შაშხანა დაშალა და თან წაიღო ჰავაის კუნძელზე მდებარე საწვრთნელ ბანაკში, საიდანაც იგი გადაყვანილ იქნა აშშ-ს საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის მეხუთე დივიზიაში. მთელი ეს პერიოდი შაშხანა “Johnson M1941” თან ჰქონდა. შემდგომ რობერტ ჰუგო დანლეპი დანიშნეს 26-ე პოლკის პირველი ბატალიონის მეთაურად. სწორედ ეს ბატალიონი იქნა გაშვებული კუნძულ ივოძიმაზე. სურიბატის მთების მისადგომებთან საზღვაო ფეხოსნები მოყვნენ ძლიერი ცეცხლის ქვეშ სადაც უდიდესი დანაკარგი განიცადეს. ჰუგო დანლეპმა როგორც მეთაურმა, კაპიტანის წოდებით გადაწყვიტა თავად წასულიყო იაპონელების პოზიეციების დასაზვერად. იაპონელი მებრძოლები იმალებოდნენ კლდეებში მოწყობილ სამალავებსა და გამოქვაბულებში, ამიტომ მათი ადგილსამყოფელის აღმოსაჩენად აუცილებელი იყო ახლოს მისვლა. ჰუგო დანლეპმა შეძლო იაპონელების განლაგების ადგილის აღმოჩენა რის შემდეგაც კოორდინატები გადასცეს საზღვაო არტილერისტებს, რომლებმაც გემიდან გახსნეს საარტილერიო ზალპი და მოახერხეს მტრის პოზციების განადგურება. ჰუგო დანლეპმა მეორე დღეს კვლავ გაიმეორა იგივე სადაზვერვო ოპერაცია, რის შედეგადაც მთლიანად აღებულ იქნა სურიბატის მთები. შემდეგ რობერტ ჰუგო დანლეპი დაიჭრა და გადაყვანილ იქნა ჰოსპიტალში, სადაც რამოდენიმე თვე მოუწია მკურნალობა. 1945 წლის 18 დეკემბერს მას და კიდევ ხუთ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა გადასცა საპატიო მედალი (Medal of Honor). შემდგომ მას მიენიჭა მაიორის წოდება და გადაინაცვლა თადარიგის ოფიცრად. ასევე შეეძინა ორი შვილი, 18 წელი ეწოდა ფერმერის საქმიანობას ხოლო შემდეგ პენსიაზე გასვლამდე მუშაობდა მასწავლებლად. აღსანიშნავია რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგი ინახავდა ჯონსონის შაშხანას “Johnson M1941” რომლის სერიული ნომრი იყო A0009.
რიგი წყაროების თანახმად ომის დასრულების შემდეგ შაშხანების გარკვეული
ნაწილი დასაწყობებულ იქნა სან-დიეგოში. ჯონსონმა მოახდინა 125 ცალი შაშხანის
გამოსყიდვა. თითო შაშხანაში მან გადაიხადა 50 დოლარი. შემდეგ მოახდინა შაშხანების რესტავრაცია და
1946 წელს ჟურნალ „American Rifleman“ -ის
მეშვეობით თითო შაშხანა გაყიდა 250 აშშ დოლარათ.
ვარიანტები სხვა კალიბრზე
გარკვეული წყაროების თანახმად ჯონსონს 1941 წელს ჩილედანაც ჰქონდა
დაკვეთა 1000 ცალ შაშხანაზე, რომელიც გათვლილი უნდა ყოფილიყო ვაზნაზე „7×57mm
Mauser“. ასევე კომერციული მიზნებისთვის როგორც სანადირო და სპორტული შაშხანა
მცირე რაოდენობით დამზადდა .270 Winchester ტიპის ვაზნაზე გათვლილი
ვარიანტებიც.
1953 წელს ჯონსონმა კომპანია „Winfield Arms Co“-ს თაოსნობით გამოისყიდა
ჰოლანდიისთვის დამზადებული შაშხანების პარტიიდან საკმაოდ დიდი ნაწილი და კანადის
გავლით შემოიტანა აშშ-ში, რის შემდეგაც კერძო პირებზე ახდენდა მათ რეალიზაციას. „Johnson
M1941“ სამოქალაქო ბაზრიდან გაქრა დაახლოებით 1960-ანი წლების შუა პერიოდში.
შაშხანას ხშირად იყენებდნენ ამერიკელი მონადირეები და იარაღის
მოყვარულები. რიგი წყაროების თანახმად 1950-ან წლებში „Johnson M1941“ ებრაელი ჯარისკაცების ხელშიც
ჩნდებოდა. შაშხანა არაოფიცალურად 1961 წელს „ღორების ყურეში“ ფიდელ კასტროს
წინააღმდეგ აჯანყებული მებრძოლი ბრიგადის (Brigade 2506) ხელშიც აღმოჩნდა.
ასევე გარკვეულ წყაროებში გვხდება ინფორმაცია, რომ ასოციაციის National
Rifle Association (NRA) წევრებმა, როგორც ცხელი ღვეზელები ისე დაიტაცეს
შაშხანები „Johnson M1941“. თითო შაშხანის
ღირებულება დღევანდელი კურსით შეადგენდა 3500 აშშ დოლარს.
50-ანი წლების მიწურულს კომპანია რომელიც აწარმოებდა „Johnson M1941“-ს,
ჩაყლაპულ იქნა გიგანტი მწარმოებლის „Winchester Repeating Arms Company“-ს მიერ.
მელვინ ჯონსონის ნიჭი სათანადოდ შეაფასა კომპანია „Armalite“-მა და კონსულტანტის
თანამდებობაზე აიყვანა სამსახურში. მოგვიანებით ჯონსონმა დატოვა Armalite და 1963
წელს დაარეგისტრირა კომპანია „Johnson Arms Inc“. 1965 წლის 9 იანვარს იგი
მივლინებით იმყოფებოდა ნიუ-იორკში სადაც მოულოდნელად გარდაიცვალა გულის შეტავით.
მიუხედავად იმისა, რომ „Johnson M1941“ არ იქცა აშშ-ს არმიის ძირითად
იარაღათ, მასში არსებული კონსტრუქციული თავისებურებანი (მაგალითად საკეტი)
გარკვეულ წილად სახეცვლილი ფორმით გამოყენებულ იქნა ისეთ ცნობილ იარაღებში, როგორიც
გახლავთ AR-10 და AR-15.
მელვინ ჯონსონის ერთადერთ ქმნილებას არ წარმოადგენდა შაშხანა „Johnson
M1941“. მან როგორც უკვე ვისაუბრეთ ასევე შექმნა მსუბუქი ხელის ტყვიამფრქვევი და
სპეციალური ვაზნა „5.7mm Spitfire“,
რომელიც გამოიყენებოდა მოდიფიცირებულ კარაბინში „M1 carbine“
დღეს არ არსებობს ოფიციალური საწარმოო მაჩვენებლები, მაგრამ ითვლება, რომ სულ ჯამში დამზადდა დაახლოებით 30 000 ცალი შაშხანა და მათთვის განკუთვნილი 70 000 ცალამდე მაკომპლექტებელი დეტალები. თუმცა ეს ციფრები არ დასტურდება ოფციალური დოკუმენტებით. კომპანია „Johnson Automatics“-ის ჩანაწერების და დოკუმენტაციის დიდი ნაწილი განადგურდა 1961 წელს კომპანია ვინჩესტერის ოფისში გაჩენილი ძლიერი ხანძრის დროს.



































