მეოცე საუკუნის დასაწყისში და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში
იაპონელი მეიარაღეები და კონსტრუქტორები ცდილობდნენ დამოუკიდებლად შეექმნათ საკუთარი
ცეცხლსასროლი იარაღი და ამუნიცია. გარკვეულ წილად მათზე გავლენას ახდენდა ევროპაში
და ამერიკაში შექმნილი ეგზემპლარები, თუმცა ისინი მაინც ცდილობდნენ და ქმნიდნენ საკუთარ
კონსტრუქციებს. მე როგორც მსგავსი იარაღის მოყვარული დაუფიქრებლად ვიტყვი, რომ დღეს
ინტერნეტ სივრცეებში, სხვადასხვა ცნობარებში თუ წიგნებში საკმაოდ მწირადაა მიმოხილული
იაპონური ცეცხლსასროლი იარაღი. მეც შეძლებისდაგვარად მცირე სტატიების სახით, ვცდილობ
გაგაცნოთ იშვიათი იაპონური იარაღები. ამ სტატიაშიც
ერთერთ იაპონურ პისტოლეტზე ვისაუბრებთ, რომელიც დიდი ხანია მივიწყებულია და ინტერნეტ
სივრცეშიც საკმაოდ მწირ ინფორმაციას თუ წავაწყდებით მის შესახებ.
1970-ანი წლების დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი ნივთიერებების ბიურომ (United States Bureau of Alcohol, Tobacco, Firearms and Explosives), ყველა შტატის ფედერელალურ ორგანოებში და საპოლიციო უწყებებში გაავრცელა პისტოლეტის ფოტო. ფოტოზე გამოსახული იყო საშუალო ზომის უცნობი პისტოლეტი, რომელიც გათვლილი იყო 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (.32 AUTO). იგი დიზაინით წააგავდა ევროპულ პისტოლეტებს და ჰქონდა სერიული ნომერი 285. ფოტოს გავრცელების მიზანს წარმოადგენდა პისტოლეტის იდენტიფიცირება. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წლების მანძილზე ვერავინ ვერ შეძლო ზუსტად დაესახელებინა პისტოლეტის მოდელი. ერთი რაც შეიძლებოდა დანამდვილებით ეთქვათ პისტოლეტი იყო იაპონური წარმოების.
7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტი Inagaki Shiki იგივე Inagaki Type
პისტოლეტის შექმნის ისტორია
1872 წელს იაპონიაში დაიბადა ივაკიჩი ინაგაკი (Iwakichi
Inagaki), რომელიც კარიერის დასაწყისში მუშაობდა კოისაკავაში მდებარე ტოკიოს საარტილერიო
არსენალში ინჟინერის პოზიციაზე. 1924 წელს მან დატოვა არმიის რიგები და დააფუძნა მცირე
ფაბრიკა, რომელშიც ახდენდა პნევმატური შაშხანების და პისტოლეტების წარმოებას. შემდგომ
ფაბრიკის ასორტიმენტში გაჩნდა ასევე სანადირო თოფებიც. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას
ფაბრიკას შეექმნა გარკვეული პრობლემები, რადგან სამოქალაქო წარმოებისთვის საჭირო მასალები
საკმაოდ დეფიციტური გახდა და ყველაფერი სამხედრო/საარმიო მრეწველობაზე გადაერთო. ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე ივაკიჩი ინაგაკიც შეეცადა სამხედრო იარაღის დაპროექტებაზე და წარმოებაზე გადასულიყო. სწორედ ამ პერიოდში მან
შეიტყო, რომ სამხედროებს ესაჭიროებოდათ ცეცხლსასროლი პისტოლეტი, რომლის წარმოებაც იქნებოდა
უფრო მარტივი და ნაკლებ დანახარჯიანი ვიდრე შეიარაღებაში არსებული იაპონური Nambu
Type 14 და Type 94.
სტატიები აღნიშნულ პისტოლეტებზე შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულებზე:
1940 წელს ივაკიჩი ინაგაკიმ შეიმუშავა საკუთარი კონსტრუქციის
ცეცხლსასროლი პისტოლეტი, რომელიც გათვლილი იყო 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე
(.32ACP იგივე .32AUTO). აღნიშნულ პისტოლეტზე გაცემულ იქნა იაპონური პატენტი №
144612.
1941 წელს ივაკიჩი ინაგაკის პისტოლეტი ოფიციალური გამოცდებისთვის
წარადგინეს ტოკიოში მდებარე N1 საარმიო ტექნიკურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ამავე
გამოცდებზე წარდგენილი იყო ასევე Bunji Hamada-ს კონსტრუქციის პისტოლეტი. სტატია აღნიშნულ
პისტოლეტზე შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე > Hamada Type 1
საგამოცდო კომისიამ გადაწყვიტა რომ ორივე პისტოლეტი,
როგორც ივაკიჩი ინაგაკის (Iwakichi Inagaki) ასევე Bunji Hamada-ს მიერ წარმოდგენილი
მოდელი აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. შესაბამისად გაიცა განკარგულება დაწყებულიყო მათი
წარმოება იაპონიის შეირაღებული ძალებისთვის.
ივაკიჩი ინაგაკის (Iwakichi Inagaki) არ ჰქონდა საწარმოო
მხრივ დიდი რესურსი, თუმცა შეძლო პისტოლეტის მცირესერიული წარმოების ორგანიზება და
1942 წელს პისტოლეტების პირველი პარტია მოხვდა საიმპერატორო ფლოტის შეიარაღებაში სახელწოდებით
„Inagaki Shiki“ (იგივე Inagaki Type). ძირითადად პისტოლეტი Inagaki Shiki გადაეცათ
იმ პილოტებს, რომელთაც უწევდათ საზღვაო პერიმეტრის საჰაერო კონტროლი. რიგი წყაროების
თანახმად სულ ჯამში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დამზადდა დაახლოებით 500 ცალ ეგზემპლარამდე.
დღეს მსოფლიოში ოფიციალურად მხოლოდ 6 ცალი "Inagaki Shiki"-ა დარეგისტრირებული,
რომელიც კერძო კოლექციონერების მფლობელობაში ინახება. ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას,
რომ პისტოლეტების უმეტესი ნაწილი განადგურდა იაპონური თვითვმფრინავების ჩამოგდებისას.
მაგალითად მიდუეის ბრძოლის დროს გამართულ ბატალიებში იაპონიამ დაკარგა 248 ერთეული
თვითმფრინავი, რომელთა პილოტებიც შესაძლოა სწორედ Inagaki Shiki-ით იყვნენ შეიარაღებული.
პისტოლეტის კონსტრუქცია და მექანიზმი
7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტი Inagaki
მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით. ლულის ჩაკეტვა ხდებოდა საკეტის მასით და ორი
ცალი დამაბრუნებელი ზამბარით, რომელიც საკეტ-გარსაცმს მარჯვენა და მარცხენა მხრიდან ებჯინებოდა. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი მუშაობდა ერთმაგი მოქმედების პრინციპით
და ჰქონდა შიდა ჩახმახი. საინტერესო გადაწყვეტილების წარმოადგენდა პისტოლეტის დაშლის
პრინციპი. დასაშლელად საჭირო იყო სასხლეტის დამცავი კავის 90 გრადუსით შებრუნება საათის
ისრის საწინააღმდეგო მხარეს. ამის შემდეგ პისტოლეტის ჩარჩოდან იხსენბოდა სასხლეტის
დამცავი კავი და შესაძლებელი ხდებოდა ჩარჩოდან საკეტ-გარსაცმის მოსხნა ლულისთან ერთად.
აღსანიშნავია ის მომენტიც, რომ პისტოლეტის ლულის შიდა არხში შესრულებული იყო 12 ცალი
მიკრო ხრხანი (ე.წ. Micro-groove rifling).
დროშისებური მცველი განლაგებული იყო მარცხენა მხარეს
და ახდენდა როგორც დამრტყმელი მექანიზმის, ასევე საკეტის ბლოკირებას. მცველის ბერკეტთან
შესრულებული იყო შესაბამისი მარკირებები S და F("safe" და
"fire"). სახელურის ლოყები მზადდებოდა აკაციის ოჯახის ხისგან (Leguminosae)
და მის ზედაპირზე შესრულუებული იყო წვრილი დიაგონალური ნაჭდევები.
პისტოლეტის მარკირებები და დამღები
ყველა 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტის
ჩარჩოზე მარჯვენა მხრიდან დატანილია სტილიზირებული სიმბოლო ასოების სახით «I» და
«S», რაც მიუთითებს პისტოლეტის სახელწოდებაზე „Inagaki Shiki“.
შემორჩენილი 4 პისტოლეტიდან, რომელიც აშშ-ში კერძო კოლექციონერებს
აქვთ, 2 ცალი ეგზემპლარი (კონკრეტულად სერიული
ნომრებით №160 და №164) მარკირებულია ღუზის დამღით, რომელიც წარმოადგენს იაპონიის სამხედრო-საზღვაო
ძალების ნიშნას, ხოლო პისტოლეტებს სერიული ნომრით №285 და №391 არ გააჩნიათ ასეთი დამღა.
ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ პისტოლეტები რომელსაც არ ჰქონდა ღუზის სიმბოლო
განკუთვნილი იყო იმპერატორის არმიის სხვა რომელიმე დანაყოფებისთვის. ან შესაძლოა უბრალოდ
ვერ მოასწრეს მასზე დამღების დატანა და ისე გაიგზავნა ფრონტზე. ვინაიდან დღეს არ არსებობს
იმდროინდელი ჩანაწერები და დოკუმენტაცია, რთულია ზუსტად რაიმეს დამტკიცება ან უარყოფა.
8მმ-ან ვაზნაზე გათვლილი პროტოტიპი
1942 წელს იაპონია მასიურად ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში, რამაც გამოიწვია გარკვეული ლოგისტიკური პრობლემები, რომელიც უკავშირდებოდა სხვადასხვა კალიბრის ვაზნების გამოყენებას. იაპონელი სამხედროები ხშირად შეიარაღებული იყვნენ სხვადასხვა უცხოური მწარმოებლის პისტოლეტებით, რომლებიც იყენებდნენ 7,65მმ-ან და 6,35მმ-ან ბრაუნინგის ვაზნებს. აღნიშნული ვაზნების წარმოება და მარაგები იაპონიაში არ იყო, რადგან ძირითად საშტატო პისტოლეტის ვაზნას წარმოადგენდა 8x22mm Nambu.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ივაკიჩი ინაგაკიმ დააპროექტა
საკუთარი პისტოლეტი 8მმ-ან საშტატო ვაზნაზე. ფაქტიურად ეს პისტოლეტი წარმოადგენდა
7,65 მილიმეტრიან ვაზნაზე გათვლილი მოდელის ვარიანტს, რომელიც იყენებდა 8x22mm
Nambu ტიპის ვაზნას. მცირედი სხვაობა იყო კონსტრუქციაში, დეტალების გეომეტრიაში და
გაბარიტებში. ლულაში ნაცვლად 12 ცალი მიკრო ხრახნისია, გამოყენებული იყო 11 ცალი მიკრო
ხრახნი. მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი ნაცვლად სახელურის ფუძისა, გადანაცვლდა პისტოლეტის
ჩარჩოზე მარცხენა მხარეს სასხლეტი კავის უკან.
8მმ-ან ვაზნაზე გათვლილი პროტოტიპი სერიული ნომრით 101
საკონსკურსო სახით დამზადდა 8მმ-ან ვაზნაზე გათვლილი რამოდენიმე პროტოტიპი, რომელიც სხვა კონკურსანტებთან ერთად დაექვემდებარა გამოცდებს. აღნიშნულ გამოცდებზე გამარჯვებული გახდა Bunji Hamada-ს პისტოლეტი, რომელიც შემდგომ ცნობილი გახდა აღნიშვნით Hamada Type 2. სტატია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე > Hamada Type 2.